როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის კვება - დედის ძილი,“ - ევგენი კომაროვსკი
დედებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას ძილის ნაკლებობა წარმოადგენს. ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე მზრუნველ მეუღლეებსაც კი უჭირთ, რადგან მამას არ შეუძლია ატირებული მშიერი ბავშვი მკერდზე მიიკრას და გამოკვებოს. არარაციონალური გადაწყვეტილებების, ოჯახური კონფლიქტებისა და დეპრესიის უმთავრეს საფუძველს სწორედ დედის ძილის ნაკლებობა წარმოადგენს.
ახალბედა დედის სრულფასოვანი ძილი ბავშვის ჯანმრთელობისა და ოჯახის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის კვება - დედის ძილი. სხვა დანარჩენზე კი მხოლოდ ამ სამი მიზნის განხორციელების შემდეგ უნდა იზრუნოთ.
დედებო, ძილი გჭირდებათ? არანაირი საოჯახო საქმე არ გააკეთოთ! ჯერ აუცილებლად გამოიძინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ სახლი, დარეცხეთ ჭურჭელი, მოამზადეთ სადილი, აღზარდეთ ბავშვი, მოესიყვარულეთ ოჯახის წევრებს და ა.შ. სჯობს მტვერსა და დალაქავებულ ხალათში იყოთ ადეკვატური და მშვიდი, ვიდრე გაღიზიანებული და შეშლილობის ზღვარზე მყოფი სუფთა და მოწესრიგებულ სახლში.
ბავშვის გაჩენას კიდევ თუ გეგმავთ, შემდეგი რჩევა გაითვალისწინეთ: ძილთან დაკავშირებით პრობლემები რომ არ გაჩნდეს, მეუღლესთან ოჯახური საუბარი გამართეთ. წინასწარ გადაანაწილეთ პრიორიტეტები და მოვალეობები, ვიდრე ოჯახს ახალი წევრი შეემატება, რადგან მშვიდად საუბარი, მეუღლის არგუმენტების მოსმენა, დათმობებზე წასვლა და საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია, როდესაც ღამე თეთრად გაათენეთ და ხელში ატირებული ბავშვი გიჭირავთ.
წყარო: ევგენი კომაროვსკი - „365 რჩევა ბავშვის ცხოვრების პირველ წელს“