როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ფუმფულა და ნაკეცებიანი ბავშვები ყველას უყვარს, თუმცა ეს არ არის კარგი მომავალში მათი ჯანმრთელობისთვის,“ - ნინო ხელაძე
ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა:
„ყველა მშობელს ჰგონია, რომ თუ ბავშვი არის ფუმფულა მცირე ასაკიდან, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელია. ეს ასე არ არის. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი არის, თუ რამდენად მოიმატებს ბავშვი წლამდე ასაკში წონას. ფუმფულა და ნაკეცებიანი ბავშვები ყველას უყვარს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის მომავალში ეს კარგი არ არის.“
ნინო ხელაძის თქმით, ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება აუცილებელი არ არის და მის ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება, თუ ბავშვი ტკბილეულს არ იღებს:
„ზოგიერთ ბებია-ბაბუას და მშობელს ჰგონია, რომ შეუძლებელია ბავშვი ტკბილეულის გარეშე იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვს რაღაც დაუშავდება, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელია. ეს ასე არ არის. ტკბილი ყველასთვის სასიამოვნო მისაღებია, თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა იცოდეს მშობელმა და ბავშვმაც. რა თქმა უნდა, ჯანსაღი არჩევანი არ არის ტკბილეული კარამელის ან შოკოლადის სახით. ჯანსაღი არჩევანია, რომ ბავშვმა ტკბილეული მიიღოს ხილის, ჩირის, თხილეულის სახით.“
„რომ წარმოვიდგინოთ 8-9 წლის ასაკის ბავშვი, ფიზიკურად საშუალოდ დატვირთული. ამ ასაკის ბავშვს დღიურად ეკუთვნის 1400 კალორიამდე დღეში. შოკოლადის ბატონში 550 კალორიამდე შედის. ეს ბავშვის დღიური კალორაჟის 40 %-მდეა. აქ მარტო კალორაჟშიც არ არის საქმე. ეს არის ცარიელი კალორიები. მასში გემოვნებითი თვისებების გარდა სასარგებლო ძალიან ცოტა რამ არის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.