როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ძუძუთი საჯაროდ კვება არ ტეხავს,“ - ფოტოგრაფი მარი ნაკანი ქალებს მიმართავს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მეძუძურ დედებს ამხნევებს და მოუწოდებს, რომ საჯაროდ ძუძუთი კვების არ შერცხვეთ:
„ქალებს მინდა მივმართო ახლა-
1) ძუძუთი კვება ყველაზე ხარისხიანი და გარანტირებული იმუნიტეტია თქვენი შვილებისთვის და საჯაროდ კვება არ ტეხავს!
2) თუ ძუძუთი გამოკვებე შენი შვილები და გაგიფუჭდა მკერდის ფორმა, პლასტიკური ოპერაცია მოსულა ! პირიქით, მიეცი შენს თავს ამისი უფლება თუ ოცნებობ და გიხარია და არ შეგაშინოს სხვების ქილიკმა , ყოველთვის გამონახავ ადამიანს ვინც იჭორავებს შენზე , მაგრამ დამიჯერე, კიდევ უფრო მეტს იპოვნი ვინც მხარს დაგიჭერს და ეყვარები .
3) სექსუალურობა არც დიდი ზომის მკერდშია, არც პატარაში და არც საშუალოში- სექსუალურობა ეს შინაგანი ენერგეტიკაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. სექსუალურობა ეს არის ინტელექტი! სხარტი იუმორი ! მდიდარი ფანტაზია! ელასტიური გონება და საინტერესო დიალოგი! სექსუალურობა ფართო მასშტაბით აზროვნებაა, რომელიც შეგიძლია უფრო და უფრო გააღრმავო! სექსუალურობას ადამიანი ასხივებს თვალებიდან და მთელი შარმი იმალება მის შინაგან სამყაროში !
სექსუალურობა მოწვყლადობაშია, გულწრფელობაში, ნამდვილ ემოციებში !!! კი, რათქმაუნდა ნავარჯიშები სხეული სასიამოვნოა ბევრისთვის , მაგრამ გახსოვდეთ! მთავარი მაინც არის ემოციები,“ - აღნიშნავს მარი ნაკანი.