Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების 40 % თვლის, რომ მშობლები ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანთან მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ

ბავშვების 40 % თვლის, რომ მშობლები ტელეფონისა და კომპიუტერის  ეკრანთან მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ

მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც ამჩნევენ, რომ მათი შვილები ეკრანთან დიდ დროს ატარებენ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებსაც არ სიამოვნებთ, როდესაც მშობლები მობილურისა და კომპიუტერის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებს არ მოსწონთ მშობლების ეკრანდამოკიდებულება. ბავშვების 40 % ფიქრობს, რომ მშობლები ეკრანთან ძალიან დიდ დროს ატარებენ.

2016 წელს გამოკითხული მშობლების 27 % აღნიშნავდა, რომ მობილურზე ზედმეტად იყო მიჯაჭვული. 2019 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული რიცხვი 45 %-მდე იყო გაზრდილი, ხოლო მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკითხვებმა უფრო ცუდი შედეგი აჩვენა. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მშობლების 52 % თავს ეკრანდამოკიდებულად თვლის.

უახლესი კვლევის შედეგებს ბავშვებიც იზიარებენ. გამოკითხული თინეიჯერების 40 % თვლის, რომ მშობლები ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანთან მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ. ბავშვების 39 % ოცნებობს, რომ მათი მშობლები ტელეფონის ეკრანს ცოტა ხნით მაინც მოშორდნენ. 2016 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით მშობლების ეკრანდამოკიდებულებით უკმაყოფილო ბავშვების რიცხვი 28 %-ით არის გაზრდილი.

მშობლების 25 % აცხადებს, რომ დაძინებამდე 5 წუთით ადრე მობილურ ტელეფონს იყენებს, ხოლო მათი 23 % აღნიშნავს, რომ მობილურს ხელში გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ იღებს. თინეიჯერების 40 % დაძინებამდე მობილური ტელეფონით ერთობა, მათი 32 % კი გაღვიძებისთანავე მობილურს იყენებს. მოზარდების 29 %-ს ღამით მობილურ ტელეფონთან ერთად ძინავს, რასაც ზრდასრულების მხოლოდ 12 % აკეთებს.

მშობლები მობილურ ტელეფონებზე იმაზე მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ეკრანზე მიჯაჭვულობა ძალიან დიდი პრობლემაა და მისგან თავის დაღწევას ცდილობს.

დედებო, მობილური ტელეფონებისადმი დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა რთული სულაც არ არის, მით უმეტეს, როდესაც თქვენი შვილები ამის გამო თქვენდამი უკმაყოფილებას გამოხატავენ.

მომზადებულია​ mommynearest.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად