Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივხვდეთ თუ ბავშვს დიაბეტი აქვს

როგორ უნდა მივხვდეთ თუ ბავშვს დიაბეტი აქვს

შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს (ხშირად ტიპი 1-ის შემთხვევაში), თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით იღებს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან ნორმალური წონისაა.

დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს.

დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტერიული სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა ცნობიერების დაკარგვით.

დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.

მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.

წაიკითხეთ სრულად