Baby Bag

წონაში კლების ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ წონაში ფრთხილად და ეტაპობრივად კლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ორგანიზმი შრომობს იმისთვის, რომ ერთი წონიდან მეორე წონით კატეგორიაში ფრთხილად გადაინაცვლოს. ეს პროცესი გულისხმობს, რომ საფეხურებრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს წონაში კლება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სასტარტო წონის 10-15%-ის კლებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დრო, რა დროში გვინდა ამ ამოცანის მიღწევა. სულსწრაფობაა, როდესაც ასეთ ამოცანებზე ვსაუბრობთ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში. მნიშვნელოვანია ასეთი ამოცანების გაწერა ერთწლიან პერსპექტივაზე.

თუ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ჩვენი სხეულის სასტარტო წონის 10-15% დავიკლოთ 12 თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ გადავთვლით, რამდენი კილოგრამი უნდა დავაკლოთ ჩვენი სხეულის წონას, ამ კილოგრამებს გადავანაწილებთ 12 თვის განმავლობაში. შემდეგ სპეციალურ გრაფიკს მივყვებით, მოვნიშნავთ შესრულებული ამოცანა როგორ გამოიყურება.

წონის კლებაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთი ფრთხილი კლება, რომელიც ორგანიზმს ახალ წონასთან შეჩვევისა და შეგუების შესაძლებლობას აძლევს, არის გარკვეული საიდუმლო და წინაპირობა იმისა, რომ წონა შევინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი შეეჩვევა ახალ წონას, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ უფრო მდგრადად, უფრო მყარად გადაინაცვლოს ახალ წონით კატეგორიაში. ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე ფრთხილად მივდივართ სამიზნე წონისკენ, ნელ-ნელა ვიკლებთ და ამასაც ვანაწილებთ დროში,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად