Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი სტრესშია, საუბარი ნაკლებად მუშაობს, მოსმენის უნარი არ აქვს ამ დროს ბავშვს,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

​​ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი „იმედის დღეში“ პოლ მაკლინის მიერ შექმნილ ტვინის მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ადამიანს სამი განსხვავებული ტვინი აქვს:

„ადამიანებს აქვთ სამი განსხვავებული ტვინი. ყველაზე ძველი ნაწილი არის ქვეწარმავლის ტვინი, რომელიც შეიქმნა განმარტოვებული, განცალკევებული არსებებისთვის. მან საფრთხის შემთხვევაში უნდა დაიცვას თავი და გადარჩეს. წითელ ტვინს ძუძუმწოვრის ტვინს ეძახიან, ის უმკლავდება კომპლექსურ მოთხოვნებს, რომლებიც სოციალურ არსებებს აქვთ. ეს არის ურთიერთობები ჯგუფში სხვადასხვა წევრებთან, ბავშვის აღზრდა, მოვლა, პრიმიტიული ემოციები, მტრის დანახვა და შემჩნევა. წითელი ტვინი კავშირს ამყარებს ქვეწარმავლის ტვინთან, რომ დახმარება სთხოვოს საფრთხის შემთხვევაში. ის იმახსოვრებს ინფორმაციას, რომ მომავალში საფრთხე ამოიცნოს. ყველაზე ბოლოს არის ახალი ქერქი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ადამიანებს, რომ ვიფიქროთ, ვუსმინოთ, ვისაუბროთ, გავაცნობიეროთ, რა ხდება ჩვენ შიგნით და გარშემო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გვანახოს რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ნეირონულ დონეზე. ლურჯი ტვინი არის რაციონალური ქცევების ბუდე, წითელი ტვინი არის ირაციონალური, ქვეწარმავლის ტვინი არის პრელინგვისტური, მას რაციონალურთან შეხება საერთოდ არ აქვს.“

​ნინო მარგველაშვილის თქმით, ბავშვები სტრესის დროს თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რის გამოც ისინი რთულ ქცევას ავლენენ, ამ დროს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ცუდად იქცევა:

„ჭარბი სტრესის დროს ირთვება განგაშის ზარი. ბავშვთან ეს როგორ გამოიხატება? ​ის იწყებს ყვირილს, ტირილს, ცუდი ფიქრები უჩნდება. ეს ყველაფერი არის სიგნალი, რომ შოუ მიჰყავს წითელ ტვინს. მშობლები ამ დროს ბავშვთან მიდიან და ეუბნებიან: „კარგი რა, რა მოგივიდა? რა გატირებს?“ ეს არ მუშაობს, იმიტომ, რომ წამყვანი არ არის ლურჯი ტვინი, რომელსაც ესმის, რომელსაც დასკვნების გაკეთება შეუძლია. როდესაც მშობელი დაინახავს განსხვავებას, რომ ეს ცუდი ქცევა კი არ არის, ეს ​ბავშვი არის სტრესში, მშობლის მიზანი უნდა იყოს, რომ დაამშვიდოს ძუძუმწოვრის ტვინი. პირველი მნიშვნელოვანი რამ არის, რომ განსხვავება დაინახოთ, დაფიქრდეთ: „ახლა ჩემი შვილი ცუდად იქცევა, თუ ეს სტრესული ქცევაა?“ როგორც კი დაიწყებთ გაცნობიერებას, რომ ბავშვს ძალა აქვს გამოცლილი და ორგანიზმი ასე ცდილობს, რომ ეს დაგვანახოს, თქვენი სტრესის დონე მცირდება. მერე უკვე აღარ გიჩნდებათ კითხვა: „როგორ?“ ფიქრობთ სხვადასხვა გზაზე: „ხომ არ მოვეფერო ბავშვს? ხომ არ გავიდე ოთახიდან და მარტო დავტოვო? საყვარელი მუსიკა ხომ არ ჩავურთო?“

„როდესაც ბავშვი სტრესშია, საუბარი ნაკლებად მუშაობს. მოსმენის უნარი არ აქვს ამ დროს ბავშვს. შეიძლება თქვენ უთხრათ: „დე, მიყვარხარ.“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორი ხმით ეუბნებით ამას ბავშვს, გამოხედვა როგორი გაქვთ, პოზა როგორი გაქვთ. წითელი ტვინი ეძებს უსაფრთხოებას, რომ დამშვიდდეს. დამამშვიდებელი სხვადასხვა ხერხი არსებობს: შეხება, ხმა, გამოხედვა, ჟესტები და ა.შ. ეს ყველაფერი ეფუძნება კანადურ მეთოდს. ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც ნეირომეცნიერებაში უახლეს კვლევებს ეყრდნობა. ეს ცვლის ჩვენს ხედვას, თუ რა ხდება ბავშვის ტვინში, როდესაც ის სტრესშია,“ - აცხადებს ნინო მარგველაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად