Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს პრეპარატი არ მიიღოთ!“ - რომელი მედიკამენტები მივიღოთ და რომელი არა კორონავირუსთან ბრძოლის დროს

„ეს პრეპარატი არ მიიღოთ!“ - რომელი მედიკამენტები მივიღოთ და რომელი არა კორონავირუსთან ბრძოლის დროს

ექიმი ნანა სხილაძე მედიკამენტების მიღების შესახებ საკუთარ ​ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​„პარაცეტამოლი შეგიძლიათ, დალიოთ 38-38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს, 500 მგ-იანი 1 ცალი ტაბლეტი ზრდასრულებმა. ნუროფენი უფრო ეფექტურია ბავშვებში. პარაცეტამოლი შეგიძლიათ დალიოთ 5-6 საათში ერთხელ მხოლოდ!

პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი მხოლოდ 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე სიცხეს არ დაგიწევთ. მხოლოდ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ პარაცეტამოლს ჭარბ დოზებში აქვს მძიმე ჰეპატოტოქსიური ეფექტები. მიღების დოზებს მოეკიდეთ ძალიან ფრთხილად და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.

​​ნიმესილი - ეს პრეპარატი არ მიიღოთ! ამერიკაში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ნიმესილი უბრალოდ აკრძალულია. იმიტომ, რომ გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. კი, მესმის, ტკივილს შეიძლება ყველაზე კარგად აყუჩებს, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან, ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.

ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია. ეს აბსოლიტურად სხვადასხვა ბიოტური ფორმაა!

ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ კორონავისურით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევაში, მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე ვერ გაიგებთ, გაქვთ თუ არა პნევმონია.
მეორე მომენტი დოზის და მიღების პერიოდის სწორად შერჩევაა, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს. არასწორი მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე არმკურნალობა.


​ნუ მიიღებთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელ“ პრეპარატებს
. ვირუსის არსებობის შემთხვევაში ისინი უფრო მეტად შეუშლიან ხელს ორგანიზმს ბრძოლაში, ვიდრე დაეხმარებიან. ეს იგივეა, სკოლაში გაკვეთილს რომ კარგად ვყვებოდით და ოროსანი მერხის მეგობარი ცდილობდა, წიგნიდან ეკარნახა უმიზნო წინადადებები. ხელს გვიშლიდა, მეტი არაფერი..ასეა აქაც.

ასპირინი და კარდიომაგნილი არ მიიღოთ თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით მომატებული გაქვთ თუ დე-დიმერი ან ფიბრინოგენი. და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, თქვენს ორგანიზმს აუცილებლად ავნებთ!

სითხეების დალევა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია! წყალი ცალკე 2 ლიტრი მინიმუმ დღეში + ჩაი და დამატებითი სითხეები.

​მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაიტანეთ ყურადღება რამეზე, დაისვენეთ და მიეცით თქვენს იმუნურ სისტემას საშუალება „კონცენტრირდეს“ ვირუსთან ბრძოლაზე! მას ეს შეუძლია! თქვენს ორგანიზმში 1 და 2 კი არა, ასი ათასობით უჯრედი იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის!

იმოძრავეთ ოთახში ზომიერების ფარგლებში, იყავით ფიზიკურად აქტიურები,“ - წერს ექიმი ნანა სხილაძე.

წაიკითხეთ სრულად