Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა, დავამშვიდო მშობლები: არ არის არანაირი საგანგაშო მდგომარეობა, ეს არის ჩვეულებრივი ინფექციები, რომლებიც ბავშვმა უნდა გადაიტანოს,“- მალვინა ჯავახაძე

„მინდა, დავამშვიდო მშობლები: არ არის არანაირი საგანგაშო მდგომარეობა, ეს არის ჩვეულებრივი ინფექციები, რომლებიც ბავშვმა უნდა გადაიტანოს,“- მალვინა ჯავახაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტრომა, პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ ბავშვებში გახშირებული ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

„პანდემიის მერე თუ რაიმე გაგვაკვირვებდა კიდევ, არ გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვებში ავადობამ შედარებით მოიმატა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი საშიში გამოწვევებია და ახალმა ვირუსებმა დაიწყო ცირკულირება. განსხვავებაა პერიოდულობასა და ეპიდსიტუაციაში. პანდემიამდე წლის განმავლობაში რამოდენიმე ინფექცია ხვდებოდათ ბავშვებს, როგორც წესი.  ნიღბის ტარების, დისტანცირებისა და ავადობის შემცირების გამო, ახლა მოკლე დროში ბავშვებს მოუწიათ ინფექციების თანმიმდევრობით გადატანა. ეს არის მშობლების გაღიზიანების მიზეზი.

მინდა, დავამშვიდო მშობლები. ეს არ არის არანაირი საგანგაშო მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს, რომ მათი შვილები მოავადეები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შვილებს დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ეს არის ჩვეულებრივი ინფექციები, რომლებიც ბავშვმა უნდა გადაიტანოს. მე ამას შევარქვი „სახადი ინფექცია.“ ეს ინფექციები გადატანის შემდეგ იმუნიტეტს ტოვებს. ეს არის ბუნებრივი აცრა. რა თქმა უნდა, გადაიტანს ამას ბავშვი. საგანგაშო არაფერია, მაგრამ უნდა მოხდეს ექიმის მიერ აკადემიური მართვა. თვითმკურნალობა პრაქტიკულად მიუღებელია, იმდენად იცვალა მიკრობულმა სამყარომ სახე და თავისებურება,“- მოცემულ საკითხზე მალვინა ჯავახაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად