Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას, მით უფრო იშვიათია ზრდასრულობაში უშვილობა და სიმსივნეები,“- რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე

„რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას, მით უფრო იშვიათია ზრდასრულობაში უშვილობა და სიმსივნეები,“- რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე

რეპროდუქტოლოგმა არჩილ ხომასურიძემ გოგონებისთვის ადრეული ასაკიდან გინეკოლოგიური გასინჯვის აუცილებლობაზე ისაუბრა: 

„დადგენილია მეცნიერული კვლევების შედეგად, რომ რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გინეკოლოგიურ გასინჯვას გოგონას (9 წლის ასაკის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც), როდესაც ისინი გაიზრდებიან სიმსივნეები, უშვილობა გაცილებით იშვიათია. ჩვენთან არსებობს დამოკიდებულება, რომ როგორ შეიძლება ხელის ხლება, სანამ არ იმშობიარებს. ეს არის სრული აბსურდი.

იდეალურია 9 წლის ასაკიდან კონსულტაციაზე მიყვანა. თვიური რომ დაეწყება გოგონას, მაშინ ხომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ბუნებამ ასე შექმნა, რომ ქალის რეპროდუქციული ასაკი არის უფრო ხანმოკლე, ვიდრე მამაკაცის. ეს იმიტომ არის, რომ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია არის გაცილებით რთული, ვიდრე მამაკაცის. ქალი არის უნიკალური. ქალის ორგანიზმის ციკლურ მუშაობაზე ყველაფერია ჩამოკიდებული, გულიც, ღვიძლიც, ყველაფერიც. მშობიარობაც დიდი დატვირთვაა. ეს ქმნის იმის პირობებს, რომ ქალის რეპროდუქციული ასაკი ადრე მთავრდება. საშუალოდ ის მთავრდება 49 წლის ასაკში, თუმცა, ალბათ, შეცვლიან ამ ოფიციალურ მოსაზრებას, რადგან ეს ასაკი გადავადდა,“- მოცემულ საკითხზე არჩილ ხომასურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად