Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელ საოჯახო საქმეებში დავიხმაროთ ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები?

რომელ საოჯახო საქმეებში დავიხმაროთ ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები?

დედები ოცნებობენ, რომ შვილები დამოუკიდებლობას დროულად მიაჩვიონ. ამასთან, ისინი ხშირად ბავშვს უფლებას არ აძლევენ დამოუკიდებლად გააკეთოს ისეთი საქმეები, რომლის გაკეთების უნარი მას უკვე აქვს. საქმე იმაშია, რომ დედები შვილებს ვერ ენდობიან. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვები საოჯახო საქმეებთან დამოუკიდებლად გამკლავებას ვერ შეძლებენ, რაც ხშირად არასწორია. ჩვენს სტატიაში მარია მონტესორის აღზრდის პრინციპებზე დაყრდნობით, იმ საოჯახო საქმეების ნუსხას შემოგთავაზებთ, რომლებშიც ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლად დაგეხმარებიან. 

ორიდან სამ წლამდე პატარები სამზარეულოს ჭუჭყიანი ტილოების სათანადო ადგილას დადებაში დაგეხმარებიან. ორი წლის ასაკიდან ბავშვს მაგიდის იმ მონაკვეთის მოწესრიგება უნდა ასწავლოთ, რომელსაც ის კვების დროს იყენებს. 



ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან თეფშების ამოლაგებაში დაგეხმარებათ. ის სამზარეულოს ტილოებს დაკეცავს და უჯრაში ჩაალაგებს. 




ექვსი-შვიდი წლის ასაკის ბავშვი საკვების მიღების შემდეგ მაგიდას მოაწესრიგებს. ის ბოსტნეულისა და ხილის გარეცხვასაც შეძლებს. ბავშვს ყუთებში ნივთების ჩალაგებაც არ გაუჭირდება. 



რვა-ცხრა წლის ასაკის ბავშვი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თეფშებს ჩაგილაგებთ. ის მაცივრის გასუფთავებასაც შეძლებს. თუ ბავშვს მაღაზიაში პროდუქტების სიას გაატანთ, ის საყიდლებზე დამოუკიდებლად წასვლასაც მოახერხებს. ბავშვი ჩაის ან ყავას მოგიმზადებთ და ჭიქაშიც ჩამოასხამს.



ათი-თერთმეტი წლის ასაკის ბავშვი ღუმელს დაასუფთავებს. ის სამზარეულოს დალაგებაში დაგეხმარებათ.



თორმეტ წელს გადაცილებული ბავშვი საოჯახო საქმეების გაკეთებას თავისუფლად შეძლებს. ის საოჯახო სადილსაც კი მოამზადებს, თუ მას ამის შესაძლებლობას მისცემთ.



მომზადებულია ​adme.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად