Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არცერთ შემთხვევაში სამუდამო მწვანე პასპორტი არ უნდა გაიცეს,“ - იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

„არცერთ შემთხვევაში სამუდამო მწვანე პასპორტი არ უნდა გაიცეს,“ - იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ საქართველოში უვადო მწვანე პასპორტების შემოღების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახიფათოა:

„უვადო მწვანე პასპორტები კორონავირუსთან მიმართებაში ძალიან სახიფათო თამაშია. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ახალი ვარიანტები. რეალურ სურათს რომ შევხედოთ, რასაკვირველია, გადატანილი ინფექციის შემთხვევაში იმუნიტეტი უფრო ძლიერია, რეინფიცირების შემთხვევები გაცილებით ცოტაა, ვიდრე ვაქცინირებულებში ინფექციის განვითარება.“

​ეს არ ნიშნავს, რომ გადატანილებმა არ უნდა აიცრან, ვინაიდან იმ ადამიანებში, ვინც გადაიტანა ინფექცია, ვაქცინაცია განაპირობებს დაცვის 2,5-ჯერ გაუმჯობესებას. რასაკვირველია, რეინფექციის შემთხვევები არსებობს და ის გაიზრდება ახალი ვარიანტების შემოსვლასთან დაკავშირებით. ომიკრონთან მიმართებაში უკვე არის ამასთან დაკავშირებით დიდი ეჭვი და შიში, რომ რეინფიცირების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში სამუდამო მწვანე პასპორტი არ უნდა გაიცეს,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო: ​შუადღე Live

წაიკითხეთ სრულად