Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემიის და ზოგადი სტრესის პირობებში შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს ასეთი ჩივილები,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი

„პანდემიის და ზოგადი სტრესის პირობებში შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს ასეთი ჩივილები,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი

კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია" პანდემიის პირობებში აქტუალურ კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ადამიანებს პანდემიის დროს მომატებული სტრესის გამო ხშირად აღენიშნებათ ჰაერის უკმარისობა, გულის არეში ტკივილები, თუმცა ეს ყოველთვის გულის პრობლემებზე არ მიგვანიშნებს:

„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის და ზოგადი სტრესის პირობებში ​შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს ასეთი ჩივილები, გულის არეში ტკივილი და ჰაერის უკმარისობა, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მისი გული დაავადებულია. პრობლემების გამოსარიცხად კარგი იქნებოდა, კვალიფიციური ექოკარდიოგრაფიის ჩატარება. თუ იქ ანატომიურად არანაირი ცვლილება არ არის, მაშინ ​სიმპტომურად შეიძლება რაიმე დაენიშნოს პაციენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ შეძენილი პათოლოგია არ გაქვთ.“

ზვიად ბახუტაშვილის თქმით, ჭარბი ალკოჰოლის მიღება საზიანოა, როგორც ჯანმრთელი გულის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვისაც, ვისაც ამ მხრივ პრობლემები აქვს:

„დალევის ამბავი იქნება კარგად, უბრალოდ რაოდენობის ამბავი ვერ იქნება კარგად. რა თქმა უნდა, ​ერთი ჭიქა ღვინის დალევა პრობლემა არ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ღვინოში უამრავი ბიოაქტიური ნივთიერება შედის და ძალიან სასარგებლოა. ძველი, ტრადიციული სმა, რომელიც ცოტა დამახინჯებულად ვიცოდით საქართველოში, სასარგებლო ვერ იქნება ვერც აბსოლუტურად ჯანმრთელი და ვერც სტენტირებიანი ადამიანისთვის.“

„ჩივილების 90 %, როდესაც პაციენტები აღნიშნავენ ჩხვლეტას, უფრო არის ოსტეოქონდროზით გამოწვეული და არ არის გულისმიერი. ასე კატეგორიულად მაინც ვერაფერს ვიტყვით. ​ეს ჩივილები დაკავშირებული არის მოძრაობასთან, მოსვენებასთან, ამით შეიძლება დიფერენცირება. თუ ჩხვლეტა დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან, აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს. თუ მოსვენების დროს არის ჩხვლეტა და პოზიციურად გადის, მაშინ ეს არის ოსტეოქონდროზი,“ - აღნიშნავს ზვიად ბახუტაშვილი.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად