Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ხერხემლის პოზიციური პრობლემა ძალიან დიდხანს გრძელდება, ის ხდება ანატომიურიც,“ - ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბიძინა კანაშვილი

„თუ ხერხემლის პოზიციური პრობლემა ძალიან დიდხანს გრძელდება, ის ხდება ანატომიურიც,“ - ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბიძინა კანაშვილი

ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ბიძინა კანაშვილმა ბავშვებში ხერხემლის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში რეკრეაციული აქტივობის დეფიციტია, რაც პრობლემას წარმოადგენს:

„მსოფლიოში არის რეკრეაციული აქტივობის დეფიციტი, მათ შორის კარგ ქვეყნებშიც. ჭარბი წონის მქონე ბავშვებში ხტომა და ძუნძული ხშირად იწვევს ქუსლის შლატერის დაავადებას. ზოგიერთ მშობელს უკიდურესობა ემართება, ყველაფერზე დაჰყავს ბავშვი ერთად. ცურვის დადებითი მხარე არის, რომ ადამიანი არ ტვირთავს ორგანიზმს წყლის წონით და არის ჰორიზონტალური დატვირთვა. ცურვის ხელმისაწვდომობა არის გლობალური პრობლემა.“

ბიძინა კანაშვილის თქმით, მომართვიანობა გაზრდილია პოზიციური კიფოზზე:

„ძალიან დიდია მომართვიანობა პოზიციურ კიფოზზე. ბავშვს არ აქვს ხერხემლის დეფექტი, ყველა მალა ისე ზის, როგორც მიღებულია. რომ შეხედავ, ვერ მიხვდები, რატომ აქვს ასეთი ცუდი დგომი. თუ ეს პოზიციური პრობლემა ძალიან დიდხანს გრძელდება, ხდება ანატომიურიც. ჩვენ რომ ვიძახოთ, მოდი, ხუთი წელი მოხრილი იყოს ბავშვი, მერე ხომ მაინც დამთავრდება პანდემია, ეს არასწორია.“

„ძვალი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება იქ, სადაც ზეწოლა მოხსნილია. სადაც ზეწოლა არის, იქ პირიქითაა. რატომ ვამბობთ, ცურვამ სიმაღლეში გაზარდაო? იმიტომ, რომ რაღაც პერიოდით ზეწოლა იხსნება საერთოდ. ადამიანებს ვერ ეტყვი, რომ პანდემიის არ შეეშინდეთ და შვილი ატარონ ცურვაზე. თუნდაც ის, რომ პერიოდულად გავაკეთოთ არატრავმული ვარჯიშები, ძალიან კარგია. ხერხემალს არ უხდება ძალისმიერი მანიპულაციები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კანაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად