Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი მითი, რომ ცივმა წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, კიდევ ერთი დასანგრევი მითია,” - კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე

„ახალი მითი, რომ ცივმა წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, კიდევ ერთი დასანგრევი მითია,” - კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე

კარდიოლოგმა, რითმოლოგმა ხათუნა ჯალაბაძემ ნაბახუსევზე უეცარი გარდაცვალების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უეცარ სიკვდილს ცივი წყალი ვერ გამოიწვევს:

„ჩვენ დიდი ხანია ვებრძვით სამედიცინო მითებს, რომელიც საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ბევრია. ერთ-ერთი მითი იყოს ის, რომ უეცარი სიკვდილი იყო თრომბოემბოლიით გამოწვეული სიკვდილი. აქ გულს საერთოდ არ ახსენებდნენ. წლების მანძილზე ასე იყო. „თრომბი გაისროლა“ - ეს ცნობილი ფრაზა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა ჩვენ შევასუსტეთ და ძალიან იშვიათად მესმის, რომ ის დაიღუპა უცბად და ე.ი. თრომბმა გაისროლა.“

ხათუნა ჯალაბაძის თქმით, ნაბახუსები ორგანიზმისთვის კრიტიკული მდგომარეობაა:

„ახალი მითი, რომ ცივმა წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, კიდევ ერთი დასანგრევი მითია. თვითონ „პახმელია“ არის კრიტიკული მდგომარეობა და არამარტო გულისთვის. ის ორგანიზმისთვის არის კრიტიკული მდგომარეობა, განსაკუთრებით გულისთვის. გული მგრძნობიარე ორგანოა. ის, რომ გული გრძნობს თქვენს ტემპერატურის მერყეობას, გრძნობს, რომ ორგანიზმში რაღაც არ არის კარგად და ხასიათი გეცვლებათ, ეს გულის დამსახურებაა.“

„როდესაც გვაქვს ე.წ. „პახმელიის“ სინდრომი, ადვილია არითმიის გამშვები მექანიზმი იყოს ნებისმიერი პატარა რამ, თუნდაც წყალი, ემოცია, გაცინებაც. ჩამრთველი რა გახდება იმისთვის, რომ დაიწყოს სიცოცხლისთვის საშიში არითმია, არ ვიცით. მთავარია, რომ ჩვენ შევუქმენით საფუძველი ამ ტრიგერს, სხვა შემთხვევაში ტრიგერი ვერ იქნებოდა ცხელი შხაპი, ცივი წყალი, სიცილი. ეს არ იქნებოდა ტრიგერი, როდესაც გული იმუშავებდა ნორმალურად. ყველაზე მისაღები სცენარი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ არის ის, რომ გულის მდგომარეობა არ იყო კარგი, ან პულსი იყო ძალიან მაღალი, ცივი წყალი და სხვა ტრიგერი იყო მხოლოდ გამშვები. ზარი კარებზე, ტელეფონის ზარი - ესეც შეიძლება გახდეს ტრიგერი ამ დაძაბულ სიტუაციაში, რომელშიც გული მუშაობს ზოგადი ინტოქსიკაციის, დიდი სტრესის გამო. ცივი წყალი მითის დასაწყისია, რომელიც აქვე უნდა გაჩერდეს. წყალი ვერასდროს ვერ იქნება უეცარი სიკვდილის მიზეზი,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა ჯალაბაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად