Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი-სამი წლიდან იწყება პროტესტი კვებაზე. ამ პერიოდში ბავშვს უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის უჭმელობისა და უმადობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის უჭმელობა ხშირად მშობლის ზედმეტ მღელვარებასთან არის კავშირში:

„ხ​შირად ჩვენი ბავშვის უჭმელობა დაკავშირებულია ჩვენს ზედმეტ აღელვებასთან და ნერვიულობასთან. პირველი პრობლემები მოდის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით. როდესაც ხელოვნურ კვებაზეა ბავშვი, დედა ხედავს, რამდენს მიირთმევს ბავშვი. ძუძუთი კვების დროს დედა ვერ ხედავს, რამდენს მიირთმევს ბავშვი. ამიტომ მუდმივად არის შეგრძნება, რომ თითქოს მას არ ჰყოფნის საკვები. ძუძუთი კვება არის მოთხოვნილების მიხედვით. ეს გულისხმობს, რომ როდესაც ბავშვს შია ან წყურია, ის ძუძუთი იკვებება. ზოგჯერ ბავშვი იწყებს ტირილს არა იმიტომ, რომ შიმშილი უნდა დაიკმაყოფილოს, არამედ წყურვილს იკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, თუ წყურვილს იკმაყოფილებს, ის იმ რაოდენობით რძეს არ მიიღებს, რასაც მაშინ, როდესაც მშიერია.“

მაია ხერხეულიძის თქმით, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს რძის დეფიციტი არ აქვს, თუ ის წონაში კარგად იმატებს:

„იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ბავშვს ნამდვილად ჰყოფნის თუ არა რძე, პირველი მაჩვენებელი არის წონის ნამატი. თვეში 500 გრამზე ნაკლები არ უნდა მოიმატოს ბავშვმა, რომელიც ძუძუთი კვებაზე იმყოფება პირველი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ 400 გრამზე ჩამოდის ეს ნამატი. ყველაზე კარგი მაჩვენებელი კიდევ არის შარდვის სიხშირე. ბავშვი, რომელიც იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე, სითხეს იღებს მხოლოდ დედის რძის სახით. მისი შარდვის სიხშირე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღო მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე. თუ ოცდაოთხ საათში შარდვა არის ექვსი და მეტი, მშობელი უნდა იყოს მშვიდად. ე.ი. ბავშვისთვის რძე საკმარისია.“

​უმადობა უმეტეს შემთხვევაში არის ქცევითი დარღვევა და არ არის ასოცირებული რაღაც დაავადებასთან. როდესაც არის ბავშვი, რომელსაც არ აქვს მადა, ჩვენ გვეშინია, ხომ არ არის რაღაც დაავადება, რომელიც უმადობას იწვევს. როდესაც არის უმადობა, ჩვენი მთავარია ამოცანაა, გამოვრიცხოთ, ხომ არ არის რაიმე დაავადება. თუ ბავშვის წონა და სიგრძე ნორმალურია, მშობელი უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ გარკვეულწილად უნდა შეცვალოთ ბავშვის მიდგომა კვებასთან დაკავშირებით. ორი-სამი წლიდან იწყება პროტესტი კვებაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, მოდის პიროვნული მე. თუ მშობლები ბავშვს მანამდე ხშირად აძალებდნენ კვებას, თუ კვება იყო დაკავშირებული სტრესთან, ბავშვს მოჰყვება ეს ემოცია. მას შეიძლება ძალიან შიოდეს, მაგრამ მაინც არ მიირთვას. ერთი კვების და ორი კვების გამოტოვება არაფერს არ გვიცვლის. ამ პერიოდში მას უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თუ ბავშვს უმადობა უვლინდება, ძალიან კარგია ოჯახურ სადილზე დავსვათ ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: „​შუადღე GDS-ზე“


წაიკითხეთ სრულად