Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი შვილი უპასუხისმგებლოა, რომ ვეჩხუბები, ვითომც არაფერი, არც რეაგირებს...“ - თამარ გაგოშიძე ბავშვის ქცევის არასწორი შეფასების შესახებ

„ჩემი შვილი უპასუხისმგებლოა, რომ ვეჩხუბები, ვითომც არაფერი, არც რეაგირებს...“  - თამარ გაგოშიძე ბავშვის ქცევის არასწორი შეფასების შესახებ

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვის ქცევის შეფასებისას უშვებენ. მან აღნიშნა, რომ უფროსებს ხშირად არასწორად ესმით ბავშვის ქცევა:

„მშობელი ამბობს შვილზე, რომ ის არის უპასუხისმგებლო: „ისეთი უპასუხისმგებლოა, საერთოდ არ ადარდებს, რომ ​ვეჩხუბები, ვამუნათებ, რას არ ვეუბნები, ვითომც არაფერი, არც რეაგირებს.“ გარეგნულად ასეა, არ ეტყობა, პოზა აქვს ასეთი. სხვა გზა არ აქვს ბავშვს. ნახეთ, საითკენ არის მიმართული მისი ქცევა: ის ცდილობს როგორმე ჩააქროს თქვენი აგრესია, არ უნდა კონფლიქტი. ენერგია რატომ უნდა დახარჯოს?! ჩვენგან განსხვავებით ბავშვები ძალიან ეკონომიურები არიან, ტყუილად ენერგიას არ დახარჯავენ. სინამდვილეში ამ დროს ამ საწყალ ბავშვს ძალიან კარგადაც აქვს ეს პასუხისმგებლობა. ხედვებსა და დამოკიდებულებებში ვერ ვთანხმდებით. ან მე ვერ ვიგებ, რა უნდა მას, ან ის ვერ იგებს მე რა მინდა მისგან.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, აუცილებლად გაარკვიონ, რა არის ბავშვის ქცევის მიზეზი და მიზანი:

„ის, რომ ჩვენ ვჩხუბობთ და ვიძახით: „ახლა გაკვეთილები მოამზადე,“ ​ეს მოთხოვნა არ არის ხოლმე გასაგები ბავშვისთვის. მაგალითად, უწმაწურ სიტყვებს იძახის ბავშვი, ქცევაა ეს. ახლა უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევა ბავშვი ასე: იმიტომ, რომ ყურადღების მიქცევა უნდა, იმიტომ, რომ კარგი ტიპია, იმიტომ, რომ ეზოში მარტო ეს ესმის, იმიტომ, რომ კარგი ტიპობაა დღეს ტელევიზორშიც უწმაწური სიტყვების ძახილი, თუ რატომ?! ქცევის მიზეზი ჩვენ უნდა გავიგოთ.“

„ჩვენ გვაქვს ქცევის მოტივი, ქცევის მიზანი და რესურსები. ერთია, რომ მე მინდა დავუკრა, მოტივაცია მაქვს ძლიერი, მაგრამ ჩემი რესურსები ხელს არ მიწყობს. ხშირად ეს ეხება ხოლმე ​დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვებს. ჩვენ დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვებს ვეძახით ისეთ ბავშვებს, რომელთაც კარგი ინტელექტი აქვთ, მაგრამ აკადემიური უნარების ათვისება უჭირთ. მოტივაცია კი აქვს ბავშვს, მაგრამ მაინც უპასუხისმგებლოს ეძახიან. რა გააკეთოს ბავშვმა? მას რესურსი არ ჰყოფნის. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენს ჯინაზე არ სწავლობს და უპასუხისმგებლოა. სტრესი საიდან მოდის? ჩვენს შესაძლებლობებს, მიზნებსა და გარემო მოთხოვნებს შორის როგორი კონფლიქტია, იმაზეა დამოკიდებული ჩვენ სტრესი გვაქვს თუ არა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად