Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მახასიათებლები აქვს ნამდვილ კარაქს და სავალდებულოა თუ არა მისი გამოყენება?

რა მახასიათებლები აქვს ნამდვილ კარაქს და სავალდებულოა თუ არა მისი გამოყენება?

რა მახასიათებლები აქვს ნამდვილ კარაქს? - ამ თემაზე ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ისაუბრა.

​„ძალიან ხშირად ე.წ. გამყარებული მცენარეული ცხიმები მოიხსენება, როგორც კარაქი. სინამდვილეში, ასე არ უნდა იყოს. კარაქი არის მხოლოდ რძისგან დამზადებული ცხიმი, რომელშიც რძის ცხიმისგან არის მიღებული ეს მასა, მისი გამკვრივებით და შესქელებით. ამიტომ ნატურალური კარაქი არის მთლიანად ცხოველური წარმოშობის ცხიმი, არანაირი მცენარეული კომპონენტი მასში არ უნდა იყოს. ის წვეთებიც კი, რომელიც მას გაუჩნდება, უნდა იყოს რძის შრატი და თუ მას მოვაცილებთ, წამოვადუღებთ, უნდა მივიღოთ სუფთა ერბო. ანუ რძის ცხიმი რძის შრატის გარეშე. აი, ეს არის კარაქი,“ -  აღნიშნა მარი მალაზონიამ.

კითხვას, სავალდებულოა თუ არა კარაქის გამოყენება, მარი მალაზონიამ შემდეგნაირად უპასუხა:

„სხვაგვარად დავსვამდი საკითხს. კარაქი 20-30 გრამის რაოდენობით ღვიძლის დაავადებების დროსაც კი, თუ ის კომპენსირებულია, დასაშვებია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულო უნდა იყოს მისი მოხმარება. მეორე საკითხია სჭირდება თუ არა ადამიანს ცხოველური ცხიმი ყოველდღიურად? - დიახ, მას გარკვეული რაოდენობით სჭირდება. თუ ვსაუბრობთ ბალანსირებულ კვებაზე, ჯანსაღი კვების მოდელზე, დღიური რაციონის დაახლოებით 30% უნდა იყოს ცხიმისათვის დათმობილი. აქედან 7-10% შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოველური ცხიმი. საჭიროა საკუთრივ კარაქის სახით მივიღოთ? - არა, როდესაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს იღებთ, მასში არსებული ცხიმი უკვე წარმოადგენს ცხოველური ცხიმის წყაროს და სრულიად საკმარისია ჩვენი უჯრედებისათვის. მათ შორის გარედან შემოსული ქოლესტეროლი, იმისათვის, რომ უჯრედის მემბრანა, ჰორმონული ცვლა და ძალიან ბევრი საკითხი იყოს მოწესრიგებული. მივიღოთ კარაქი თუ ტექნოლოგიურად საკვებში ჩამატებული? - ამ საკითხთან ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. კარაქის თბომედეგობა არ არის მაღალი, განსხვავებით, მაგალითად, ზეთისგან. ამიტომ კარაქის აშიშხინება ტაფაზე, თეთრი კვამლი რომ წარმოიშვება, ის უკვე არის აკროლეინი, რომელიც ონკოლოგიური რისკით გამორჩეული პროდუქტია,“ - ამის შესახებ მარი მალაზონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად