Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.
წაიკითხეთ სრულად