Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია, თუმცა წლამდე ასაკის ბავშვებში ავადობა იშვიათია,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია, თუმცა წლამდე ასაკის ბავშვებში ავადობა იშვიათია,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

​​ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირების სიხშირესა და შესაძლო რისკებზე საუბრობს:

„ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, საერთო ავადობაში ბავშვების წილი 10-12%-ია . თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ავადობა იშვიათია, მაგრამ დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია. ბავშვებში მაინც ხველა და სიცხე არის ყველაზე წამყვანი სიმპტომები.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარება ორგანიზმის იმუნულოგიური პასუხია კოვიდზე:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში ​კოვიდის მიერ გარკვეული გამოძახილია, იმუნოლოგიური პასუხია. ტემპერატურა არის 38 და უფრო მაღალი, ასევე არის გულისრევა, დიარეა და ღებინება. დამახასიათებელია გამონაყარი, შეიძლება იყოს ლორწოვანის დაზიანება, ხელისგულების დაზიანება. ეს სინდრომი კავასაკის მიმდინარეობას ძალიან ემსგავსება.“

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ აღნიშნული სინდრომის განვითარების დროს ბავშვი სწრაფად უნდა ვაჩვენოთ ექიმს, რათა სერიოზული გართულებები არ განვითარდეს:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ​ ბევრი დრო არ დაიკარგოს. შესაძლებელია გულის სისხლძარღვების დაზიანება და ანევრიზმების განვითარება. მკურნალობის ტაქტიკა იგივეა, რაც კავასაკის დროს. ბავშვებს სჭირდებათ ინტრავენური იმუნოგლობულინის გადასხმა, ასევე დექსამეტაზონი გამოიყენება. მქონდა ასეულობით პაციენტთან ონლაინ კონსულტაცია. მათ ჰქონდათ ჭინჭრის ციება. საერთოდ ვირუსული ინფექცია ყოველთვის შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ურტიკარიის გამომწვევი. თუ ცხელების დროს პაციენტი იღებს იბუპროფენს, ვეუბნებით, რომ აქცენტი პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატებზე გაკეთდეს.“

​ბავშვების ინფიცირებისა და შესაძლო გართულებების შესახებ საუბრობს პედიატრი ივანე ჩხაიძეც. მისი თქმით, კოვიდი ბავშვებს ზრდასრულებისგან განსხვავებული ფორმით უვლინდებათ:

„ბავშვებში სულ 3%-ია ის, ვისაც სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. დაწყებული სიმსუქნიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიებით, წარმოადგენს უფრო მეტ რისკს, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გართულებების. განსხვავებული გამოვლინება კორონავირუსის მაინც არის ბავშვებში. ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, რაც მოზრდილებში ძალიან ხშირია, მცირე ასაკის ბავშვებში ერთეულ შემთხვევებშია. ათი წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 10 %. ბავშვებში გაცილებით მეტია შემთხვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. ეს არის ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, მადის დაქვეითება.“

„ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენთან 42 პაციენტი შემოვიდა. სპეციფიკური მკურნალობაა და ის დაექვემდებარა ამ მკურნალობას. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო მძიმე და მათი მართვა დაგვჭირდა კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. ​ამ პაციენტების რაოდენობა მზარდია, არც არის ეს გასაკვირი. საქართველოში დღეისთვის ინფიცირებული ბავშვების როადენობა ძალიან დიდია. არ არის სავალდებულო ეს სინდრომი განვითარდეს მძიმე დაავადების შემდეგ. უშუალოდ ფაქტი კოვიდის გადატანის არის საკმარისი, რომ ორგანიზმმა უპასუხოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომით,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედიკოსებმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად