Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

​კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება - როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან?

​კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება - როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

კარს მოგვადგა დღესასწაულები: ახალი წელი, შობა და ა.შ. ყველას ძალიან აინტერესებს, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ არასასურველი კილოგრამებისგან, თან ქართველები გამოვირჩევით ესოდენ მიმზიდველი და მრავალფეროვანი კერძებით. ქართული სუფრა ნამდვილი განსაცდელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის. დღესასწაულებს განსაკუთრებით განიცდიან ადამიანები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ცდილობდნენ ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევას. მომავალი დღესასწაულები ზედმეტი კილოგრამების წყაროდ რომ არ გვექცეს, სასურველია, დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები.

31-ში ღამის 12 საათზე შემოვიფარგლოთ ერთმანეთისთვის სიმბოლური მილოცვით და ღამით ნუ დავაგემოვნებთ საკვებს. პირველ და ორ იანვარს ჩვენთვის საყვარელი საახალწლო სუფრის რაციონიდან დღის მანძილზე ჯერად კვებებზე გადავანაწილოთ სხვადასხვა სახეობის საკვები. სასურველია, ცომეული და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში დავაგემოვნოთ (იგულისხმება ერთი-ორი ნაჭერი ცომეული და ტკბილეული), ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის დავიტოვოთ ხორციანი საკვები, სალათები და ხილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ის არის არაკალორიული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. განსაკთრებით ღვინო, რომელიც ყურძნისგან მზადდება, არის ნახშირწყლების საბადო. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება. ამ დროს ძალიან იმატებს მიღებული კალორიების რიცხვი. ალკოჰოლთან ერთად სითხე, რომელიც დასაშვებია მისაღებად, არის წყალი. ასე ვთქვათ, ორდღიანი „დიეტის დარღვევის“ მერე სასურველია, ე.წ ​განტვირთვის დღეს მივმართოთ, რომელიც განხილული გვაქვს წინა რუბრიკაში. დღესასწაულების შემდეგ რაც მალე დავუბრუნდებით ჯერად, დაბალანსებულ კვებას და მოვიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლებად ვიგრძნობთ დღესასწაულებით გამოწვეულ ზედმეტ კილოგრამებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გილოცავთ დამდეგს!

წაიკითხეთ სრულად