Baby Bag

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არავითარი გაკოჭვა, არავითარი შეკვრა არ შეიძლება. სახსარი ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფალი,“ - ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ჭუმბურიძე

„არავითარ შემთხვევაში არავითარი გაკოჭვა, არავითარი შეკვრა არ შეიძლება. სახსარი ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფალი,“ - ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ჭუმბურიძე

ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ჭუმბურიძემ ჩვილი ბავშვის საფენებში გაკოჭვის მეთოდზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის სახსარი თავიდანვე თავისუფალი უნდა იყოს, გაკოჭვა კი მიუღებელია, რადგან ის მომავალში სერიოზული გართულებების გამომწვევი მიზეზი ხდება:

„იმ თაობაში, რომელიც აკვანში გაიზარდა, საფენებში რომ იყვნენ გაკოჭილები, უმოძრაობაში რომ იყვნენ, ამან ბევრი პრობლემა გამოიწვია და დღეს ვიმკით უარყოფით შედეგებს. არავითარ შემთხვევაში არავითარი გაკოჭვა, არავითარი შეკვრა არ შეიძლება. ​სახსარი ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფალი. მთავარი პრობლემა არის უმოძრაობა. სახსარი უნდა იყოს მოძრავი აუცილებლად.“

გიორგი ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო საფენები, რომელსაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე დედები, სახსრების განვითარებისთვის სასარგებლო პროდუქტია:

​თანამედროვე ცხოვრების სტილია პამპერსის ხმარება. ეს საფენებიც კარგია, იმიტომ, რომ მენჯ-ბარძაყის სახსარში გაშლილია ფეხები, თავისუფალია და მოძრაობს. ჩაკეტვის შემთხვევაში, დავიწყოთ თუნდაც სახსრის გარეგანი სტრუქტურებით, როდესაც იოგოვანი, მყესოვანი აპარატი ისე არ მოძრაობს, შეზღუდულია, დამოკლებულია. უმოძრაობა ამ ყველაფრის წინაპირობაა.“

„ყველაზე მთავარი პრობლემა რაც იქმნება, არის ე.წ. დისპლაზია. თავი არაკონგრუენტულად ვითარდება ფოსოსთან მიმართებაში. მენჯ-ბარძაყის სახსარში ფოსო არის მრგვალი, რომელშიც შიგნით ჯდება თავი. ​როდესაც უმოძრაობაა და არ ხდება შესაბამისი მოძრაობა, ვითარდება დისპლაზია. ფოსო რჩება უფრო ბრტყელი, თავი არაკონგრუენტულ დამოკიდებულებაშია მასთან. ის ცენტრში აღარ არის. ამან შემდგომში შესაძლოა ამოვარდნილობა გამოიწვიოს,“ - აღნიშნულ პრობლემაზე გიორგი ჭუმბურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად