Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი აღმოჩნდეს ინფექციის წყარო?

შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი აღმოჩნდეს ინფექციის წყარო? - ამ და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.

როგორც ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, ანტისხეულების ჩამოყალიბება იწყება კორონავირუსის დაწყებიდან 3-7 კვირის განმავლობაში და ის გამოიხატება რამდენიმე ტიპის ანტისხეულების არსებობაში, რაც ორგანიზმში ვირუსის ნეიტრალიზაციას უზრუნველყოფს. 

„სწრაფი ტესტებით შეიძლება შეფასდეს, თუ რამდენად ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულში ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ. ასევე არსებობს მეორე ვარიანტი - ელაიზას მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ანტისხეულების შემოწმება,“ - დასძინა ხათუნა ზახაშვილმა. 

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ვირუსისგან ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს დაცვა ჯერ კიდევ კვლევის საგანია. 

„დღეს არსებული კვლევებით, დაავადების გადატანიდან 8 თვის თავზეც კი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება, შენარჩუნებული იყოს ანტისხეულები და მას ჰქონდეს დამცველობითი უნარი.  თუ ადამიანი ერთხელ გადაიტანს ვირუსს, მას covid-19 მეორედ არ დაემართება ისევ და ისევ კვლევის საგანია, ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს. დასაშვებია ადამიანებმა მეორედ გადაიტანონ ვირუსი, თუმცა ასეთი ფაქტი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. კოვიდგადატანილმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნიღაბი და დაიცვან რეკომენდაციები,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად