Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ დაზილოთ ნანემსარი ადგილი'' - როგორ უნდა გაიკეთოს ნემსი კოვიდინფიცირებულმა სწორად?

,,არ დაზილოთ ნანემსარი ადგილი'' - როგორ უნდა გაიკეთოს ნემსი კოვიდინფიცირებულმა სწორად?

როგორ უნდა გაიკეთოს ნემსი კოვიდინფიცირებულმა სწორად? - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძ​ე წერს.

,,ვინც სახლში იკეთებს ნემსს ან დასჭირდება და არ იცის როგორ კეთდება, ძალიან მარტივია. 
ინექცია კეთდება მუცლის წინა მარჯვენა ან მარცხენა ლატერალურ მიდამოზე როგორც ფოტოზეა ასახული. სასურველია მიდამოს სპირტით დამუშავება სანამ გაიკეთებთ ნემსს.

გამზადებულ შპრიცში ჰაერის ბუშტუკების არსებობა ნორმალურია და მისი გამოშვება შპრიციდან არ არის რეკომენდირებული. ეს არ ეხება თქვენით ამორებულ ანტიკოაგულანტს! ზოგი იყიდება გამზადებული შპრიცით!

შეიყვანეთ შიგთავსი დგუშზე ზეწოლით ბოლომდე ამოიღეთ შპრიცი და არ დაზილოთ ნანემსარი ადგილი!

გამოყენებული შპრიცი გადააგდეთ!'' - აღნიშნავს ნანა სხილაძე. 

წაიკითხეთ სრულად