Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ'' - გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

,,ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ'' - გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კომპიუტერული ტომოგრაფიასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის ​რჩევებს სიტყვა-სიტყვით:

,,ვიყოთ ყურადღებით ...

არ გავიკეთოთ კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ გვაქვს კოვიდის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ან ვართ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში!

ძალიან ბევრს ეშინია და აღელვების ფონზე ასეთ მავნე კვლევასაც იტარებს ექიმის გარეშე

დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდის დროს გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების სიმძიმის ხარისხის შესაფასებლად და დინამიკაში დასაკვირვებლად!

როდესაც პაციენტი იტარებს გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ის ერთ კვლევაზე იღებს 7 მილიზივერტ დასხივებას! ეს არის დასხივების ის დოზა, რასაც ჩვენი სხეული გარემოდან იღებს 730 დღის განმავლობაში!

ხშირი და გაუმართლებელი ტომოგრაფიის პირობებში, სულ მცირე, ზიანდება ფარისებრი ჯირკვალი, ძვლის ტვინი, გულის პერანგი და კანი!

იზრდება ისეთი 4 დაავადების განვითარების რისკი, როგორებიცაა:

1. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომა! 
2. მწვავე მიელოგენური ლეიკემია! 
3. კანის ანგიოსარკომა!
4. რადიაციული მწვავე პერიკარდიტი!'' - აღნიშნავს ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე. 


წაიკითხეთ სრულად