Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა წესები უნდა დავიცვათ ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას ბინის პირობებში?

რა წესები უნდა დავიცვათ ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას ბინის პირობებში?

რა წესები უნდა დავიცვათ ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას ბინის პირობებში? - ამ თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

პულს ოქსიმეტრი კოვიდის პანდემიის დროს ძალიან აქტიურად გამოყენებადი ხელსაწყო გახდა და მისი მნიშვნელობა მართლაც დიდია, რადგან სახლში მყოფი პაციენტის სუნთქვის უკმარისობის შეფასების ერთ-ერთი რეალური საშუალებაა.
ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ამით განისაზღვრება ხოლმე, რადგან სატურაციის დაბალი ციფრები ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას გვიჩვენებს.
ხშირად პაციენტებს აქვთ „ჰაერის უკმარისობის“ შეგრძნება, თუმცა რეალურად სატურაცია ნორმაში აქვთ. ასევე პირიქით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სატურაცია მკვეთრად ჰქონდეს შემცირებული, მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობდეს.

​რადგან სატურაციის მაჩვენებელი ასეთ მნიშვნელობას იძენს (კიდევ ვიმეორებ, ხშირად ჰოსპიტალიზაციის საკითხი ამით წყდება ხოლმე), მნიშვნელოვანია, გაზომვა სწორად მოხდეს.

​კვლევებმა გამოავლინა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატურაციის გაზომვის სიზუსტეზე:
  • გაზომვა უნდა მოხდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტი მშვიდად უნდა სუნთქავდეს გაზომვამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაზომვისას არ მოძრაობდეს.
  • ნუ დავეყრდნობით პირველივე ციფრს, რომელიც გამოისახება მონიტორზე. ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება, ამიტომ შედეგის წაკითხვამდე დავიცადოთ 30-60 წამი და ეს ციფრი მივიღოთ მაჩვენებლად.
  • ერთჯერადად გაზომილ სატურაციის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გაზომვა უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერზე და ყურადღება გამახვილდეს კლებად დინამიკაზე. ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ერთჯერადად გაზომილი მაჩვენებლით არ უნდა წყდებოდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი.
  • სატურაციის გაზომვისას ფრჩხილის ლაკი მოცილებული უნდა იყოს, რადგან ლაკი სინათლის შთანთქმას იწვევს და შეიძლება არასწორი მაჩვენებელი მივიღოთ.
  • ხელსაწყოს მოთავსება შეიძლება საჩვენებელ, შუა და არა-თითებზე, ასევე ფეხის ცერა თითზე და ყურის ბიბილოზე, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ზუსტ მაჩვენებელს იძლევა.
  • გაზომვისას თითი უნდა იყოს თბილი.
  • კანის მომატებული პიგმენტაციის დროს მაჩვენებელი შეიძლება იყოს არაზუსტი.


წაიკითხეთ სრულად