Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს, ის იცავს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გამოგვადგება ვაქცინის საწინააღმდეგო არგუმენტად,“ - მაია ბუწაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს, ის იცავს, მაგრამ  ეს ვერაფრით ვერ გამოგვადგება ვაქცინის საწინააღმდეგო არგუმენტად,“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა კოვიდის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტის ეფექტიანობისა და ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ​ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს, ის იცავს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გამოგვადგება ვაქცინის საწინააღმდეგო არგუმენტად. ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინა ერთად არის საუკეთესო დაცვა და რისკების შემცირების გარანტირებული მეთოდი. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ კოვიდ გადატანილებისთვის მეორე აცრას აზრი არ აქვს და ერთი შეიძლება იყოს საკმარისი. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები კოვიდ გადატანილ მოზრდილებს მოერეჯერ არ ცრიან. ის, რომ კოვიდ გადატანილმა აღარ აიცრას, დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.“

მაია ბუწაშვილის თქმით, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ვაქცინები საშუალოდ 30%-ით გვიცავს:

„ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ საშუალოდ 30%-ია დაცვა. მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ დაცვა აღწევს იმ მაქსიმუმს, რაც ამ ვაქცინისთვის არის შესაბამისი. ვისაც არ აქვს ანტისხეულები, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტი არ აქვთ.“

„რეინფიცირების შემთხვევაში უფრო მსუბუქად უნდა მიდიოდეს დაავადება, მაგრამ ზოგჯერ ეს კანონზომიერება ირღვევა. რეინფექციის დროს პირიქით, უფრო მძიმედ გამოხატული შემთხვევებიც ყოფილა. კოვიდ გადატანილს აცრა როდესაც ემატება, ის ორ-ნახევარჯერ მეტად დაცული ხდება. კოვიდის გადატანიდან ერთ თვეში ადამიანს შეუძლია აიცრას. ჩვენთან ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფრო მეტად რატომღაც აქვთ ფაიზერის ვაქცინის შიში. პირველი სამი დღის განმავლობაში ვიზუალურად ფაიზერის ვაქცინას შეიძლება მეტად ჰქონდეს გამოხატული გვერდითი მოვლენები. ამის ნუ შეეშინდებათ. ​ფაიზერის ვაქცინის პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შედარებით მკვეთრად შემცირდა იმუნიტეტი და დასჭირდა ბუსტერი, რაც აჩვენა ზოგიერთი ქვეყნის მაგალითმა,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო თავისუფლება“

წაიკითხეთ სრულად