Baby Bag

„თითქოს გავუთამამდით ამ პრობლემას, თითქოს ხელი ჩავიქნიეთ, დისტანცირების დაცვა ნაკლებია,“ - ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი

„თითქოს გავუთამამდით ამ პრობლემას, თითქოს ხელი ჩავიქნიეთ, დისტანცირების დაცვა ნაკლებია,“ - ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი

ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა ადამიანის ფსიქიკაზე სოციალური იზოლაციის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ადამიანი მარტო ვერ იცხოვრებს. რაც უნდა ვეცადოთ ჩვენ იზოლაციას, კომუნიკაცია გვექნება. მარტოობისგან დაცვის ერთადერთი გზა ჯერჯერობით არსებობს: პირბადე, დისტანცია და ვაქცინაცია. თუ ამ სამეულს კარგად გავივლით, სავარაუდოდ დაბალი რისკია იმისა, რომ პრობლემა ჩვენც შეგვეხება. დღეს უკვე საუბარია, რომ პოსტკოვიდური პერიოდიც საკმაოდ რთულად მიდის. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ კონტექსტში. ის აძლიერებს შფოთვას, შიშს, ემოციურ სირთულეებს. დღეს რასაც ვხედავთ, ობსესიური, აკვიატებული თემატიკა წინა პლანზეა წამოსული.“

„იზოლაციის მხრივ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ბავშვები არიან, სადაც სოციალური ურთიერთობების სწავლა უნდა დაიწყოს ძალიან ადრეული ასაკიდან. მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული მზაობა ვისაუბრო კიდევ ერთ თემაზე. თითქოს გავუთამამდით ამ პრობლემას. რაღაცნაირაც თითქოს ხელი ჩავიქნიეთ. ის მაქსიმალური სოციალიზაცია, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში ხდება საქართველოში, როდესაც დისტანცირების დაცვა ნაკლებია, ფაქტია, რომ ნაკლებად ხდება საკუთარი თავისა და სხვების დაცვა. იზოლაციისკენ ნაკლებად მიდრეკილია ხალხი. მცირე ნაწილია, ვინც იცავს წესებს. მე კვლავ იზოცალიისა და ჩაკეტვისკენ არ მოვუწოდებ, მაგრამ საკუთარ თავს თვითონვე უნდა დაუწესო სოციალური იზოლაციის საზღვრები. არის მოსაზრება, რომ თავის დროზე ისპანკამ გამოიწვია დეკადანსი ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს სხვაგვარი ტიპის ცხოვრება. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი. მომავალი ძალიან საინტერესოა, თუმცა უიმედოდ არ მიმაჩია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ოკრიბელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

წაიკითხეთ სრულად