Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივიტანოთ ეჭვი ყურის ანთებაზე და რა გავაკეთოთ ექიმთან ვიზიტამდე

როგორ მივიტანოთ ეჭვი ყურის ანთებაზე და რა გავაკეთოთ ექიმთან ვიზიტამდე

როგორ მივიტანოთ ეჭვი ყურის ანთებაზე და რა გავაკეთოთ ექიმთან ვიზიტამდე, - აღნიშნულის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„პატარა ყურის დიდი პრობლემები უხშირესად მაშინ იწყება, როცა პატარას სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია ემართება. რატომ ემართებათ ადრეული ასაკის ბავშვებს ოტიტი ხშირად? იმიტომ, რომ მათი ყურის ანატომია მოზრდილისაგან განსხვავებულია. იმისათვის, რომ ეს თავისებურება გავიგოთ, მოდი, ცოტა ყურის ანატომიის შესახებ მოგიყვებით, რაც სურათზე კარგად ჩანს.


ყური მოიცავს გარეთა ყურს - (ნიჟარა, გარეთა სასმენი მილი), შუა ყურს, სადაც დაფის აპკი და მის უკან 3 პატარა სასმენი ძვალია და შიგნითა ყურს, სადაც წონასწორობის ორგანო - ლოკოკინაა მოთავსებული.

შუა ყური შიგნითა სასმენი მილით ცხვირხახასთანაა დაკავშირებული. ამ მილს ევსტაქის მილი ეწოდება. მისი დანიშნულებაა შუა ყურში შესაბამისი წნევის უზრუნველყოფა, შუა ყურიდან სითხის გადმოდინება. ბავშვებში ის გაცილებით უფრო მოკლე და ფართოა, ვიდრე მოზრდილებს აქვთ, ამიტომ ცხვირ-ხახიდან ინფექცია ადვილად გადადის შუა ყურისაკენ და მის ანთებას იწვევს.

აი, როგორ შეიძლება მიიტაანოთ ეჭვი ყურის ანთებაზე

უხშირესად ეს პრობლემა სასუნთქი გზების ინფექციის ფონზე იწყება - გაჭედილი, ცხვირი, სიცხე, ხველა და უცებ მოულოდნელი ჭირვეულობა, ძუძუს წოვისას ტირილი ძლიერდება, პატარა თავს ანებებს წოვას, შეიძლება შენიშნოთ ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი - აი, ყურის ანთების მთავარი ნიშნები.

გასულ საუკუნეში გავრცელებული მიდგომა - ბავშვის ყურებზე ხელის დაჭერით ოტიტზე ეჭვის მიტანა სარწმუნო მაინცადამანიც არ არის. ატირებულ, გაჭირვეულებულ ბავშვს ხელი სადაც არ უნდა შეახოთ, მაინც იტირებს. ამიტომ ოტიტის დიაგნოზს ექიმი გამოკვლევით სვამს. სპეციალური ხელსაწყოს, ოტოსკოპის საშუალებით ის გარეთა სამენ მილს და დაფის აპკს დაათვალიერებს. თუ ეჭვი შუა ყურში სითხის არსებობაზეა, შესაძლოა, ტიმპანომეტრიაც დაგიგეგმოთ. კვლევის ეს მეთოდი დაფის აპკის მოძრაობას სწავლობს და ადგენს, არის თუ არა სითხე შუა ყურში.

რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ ყურის ანთების დროს

დაფის აპკის გახეთქვა;

სმენის გაუარესება, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების შეფერხება გამოიწვიოს;

ინფექციის გავრცელება - საერთო სისხლძარღვებით ინფექცია შესაძლოა, ირგვლივმდებარე ძვლებისა და თავის ტვინისაკენ გავრცელდეს და ანთება გამოიწვიოს.

როგორ ვმკურნალობთ ოტიტს

მწვავე ოტიტის შემთხვვევათა დიდი ნაწილი ვირუსულია, ამიტომ ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკი არ ინიშნება. აუცილებელია ბავშვზე დაკვირვება. ანტიბიოტიკების განსაკუთრებულ შემთხვევებშია საჭირო.
ეს ის შემთხვევაა, რასაც „მოვიცადოთ და ვნახოთ“ ჰქვია.
ანტიბიოტიკი უპირობოდ ინიშნება ადრეული ასაკის პატარებში, ასევე მოზრდილ ბავშვებში ყურის ორხმრივი ანთებისას, მაღალი ცხელების და ყურიდან ჩირქოვანი გამონადენის შემთხვევაში.

პირველ რიგში, აუცილებელია ვმართოთ ტკივილი. ამისათვის პატარას პარაცეტამოლი ან იბუპროფენი უნდა მისცეთ.
შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებელი წვეთებიც გამოიყენოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ჩაწვეთებამდე, მედიკამენტი ხელში შეათბეთ - ცივი ხსნარის ყურში ჩაწვეთებამ შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს.
არ გამოიყენოთ ყურში ჩასაწვეთებლად სპირტი - მას ნაზი დაფის აპკის დაზიანება შეუძლია.
ტკივილის დროს ნამდვილი შვებაა თბილი კომპრესი ყურის არეში.

როგორ ავიცილოთ თავიდან ყურის ანთება

კვებეთ ჩვილი ძუძუთი - დედის რძე მდიდარია იმუნურის სიტემის დაცვის ფაქტორებით და ამცირებს სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით ავადობის რისკს.
თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, ნუ მისცემთ მას საკვებს დაწოლილი მდგომარეობაში.
ხშირად გაანიავეთ ბინა, არ მოწიოთ თამბაქო იქ, სადაც ბავშვია.
თუ პატარას ადენოიდების პრობლემა აქვს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შესაბამისი მკურნალობის საკითხებზე.

აი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ექიმთან საუბრისას

ხომ არ ტირის პატარა წოვის დროს;

აქვს თუ არა ცხელება;

აქვს თუ არა გამონადენი ყურიდან;

​ჰქონდა თუ არა სასუნთქი გზების დაზიანების ნშნები (ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა) ყურის ტკივილის დაწყებამდე,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად