Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სად წავიყვანოთ ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად, რამდენი ხნით გავასეირნოთ გარეთ და რა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ თემებზე ​Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო ინგა, სად წავიყვანოთ ზაფხულში ბავშვები დასასვენებლად? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს?

- მე პირადად, მოვერიდებოდი ბავშვის ზღვაზე წაყვანას, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს ვირუსი წყლით. მშობლებს ვურჩევ, რომ დასასვენებლად წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც ქალაქისგან მოშორებით, რეკრეაციულ გარემოში გაიყვანენ ბავშვს სასეირნოდ. შესაძლებელია, ეს იყოს აგარაკი, სოფელი ან მთიანი რეგიონი, ხოლო ზღვაზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

- გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? დღის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით გავასეირნოთ ბავშვები?

- აუცილებელია, ბავშვი გავიყვანოთ გარეთ, რადგან სახლში, იზოლაციაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა, გავლენა მოახდინა ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. D ვიტამინის გამომუშავების მიზნით, სასურველია, ბავშვი დილის საათებში - 10-დან 12-მდე და საღამოს 5-დან 7-მდე პერიოდში გავიყვანოთ გარეთ ნახევარ-ნახევარი საათით. ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცირება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვი ზედაპირთან შეხებას, რადგან ზუსტი კვლევა არ არსებობს, ჩერდება თუ არა ვირუსი ზედაპირზე. თუ მაინც შეეხო ბავშვი ზედაპირს, დაუყოვნებლივ უნდა დავუმუშავოთ ხელები. რაც შეეხება თავდაცვის სხვა საშუალებებს, 3 წლამდე ბავშვისთვის ნიღბის ტარება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან, პირველ რიგში, მას სუნთქვა უჭირს და ამასთანავე, ხშირად ცდილობს, ხელი წაიღოს ცხვირ-ტუჩის არისკენ, რაც დაინფიცირების შანსებს ზრდის.

- რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

- შედარებით უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ თხოვნა მექნება მშობლებთან, მოვერიდოთ სტუმრობას, მეგობრებთან სიარულს და თავშეყრის ადგილებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ნებისმიერ ეპიდემიას გააჩნია თავისი ტალღები. მეორე და მესამე ტალღა რომ არ წამოვიდეს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ​არ უნდა ვაკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩის არეში, ვასწავლოთ მათ საპნით ხელების სრულფასოვნად დაბანა, რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან და უბრალოდ ხელებს ისველებენ.

ესაუბრა: სოფიო შავაძე

წაიკითხეთ სრულად