ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახური კონფლიქტები, აისახება თუ არა მათ მომავალზე მიღებული ტრავმა და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ამის თავიდან ასაცილებლად? - ამ და სხვა საკითხებზე Momsedu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე. - როგორ აისახება მშობლების კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? - ბავშვისთვის მშობლები მთელი სამყაროა. თუ ის ხედავს მშობლებს შორის კონფლიქტს, პირველი ასოციაცია რაც უჩნდება, არის სამყაროს მიმართ უნდობლობა, რადგან აღარ არის უსაფრთხო. ამ ფაქტმა სხვადახვაგვარი გავლენა შეიძლება ჰპოვოს ბავშვის ფსიქიკაზე. ნებისმიერი მოვლენა მაშინ არის ფსიქიკისთვის ტრავმული, თუ მან სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მშობლების კონფლიქტის დროს კი სწორედ მხარდაჭერა აკლია ბავშვს, რადგან ორივე მშობელი თავის პროცესშია. - რა განცდები ეუფლებათ პატარებს კონფლიქტის დროს? - განცდა ბევრია:
შიში, გაურკვევლობა;
უსუსურობის შეგრძნება;
ცუდის მოლოდინი, რომ კონფლიქტი განმეორდება;
დაუცველობა და უიმედობა, რაც საგულისხმოა.
ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს რომელიმე მშობელს და იყოს „დაჩაგრულის მხსნელი“. სწორედ აქ ირთვება მისი დესტრუქციული როლური მოკუთვნებულობა მთელი თავისი ემოციური სპექტრით (მსხვერპლი, მხანელი, აგრესორი - კარპლანის სამკუთხედი).
- შესაძლებელია თუ არა, მიღებული ტრავმა მომავალში ცუდად აისახოს ბავშვის ცხოვრებაზე?
- როგორც ვთქვი, ნებისმიერი მოვლენის დროს მთავარია მხარდაჭრა და განცდა, რომ მარტო არ ვარ. შესაბამისად, მიუხედავად ცუდი ფაქტისა, შემდგომ სწორი კომუნიკაციის გზით, შეგვიძლია სამომავლო ტრავმების თავიდან აცილება.
- ყველა ოჯახში ხდება კონფლიქტი, თუმცა როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ეს ბავშვისთვის ზიანის მომტანი არ გახდეს?
- უნდა მოვახდინოთ კონფლიქტის პრევენცია და თუ კონფლიქტურ სიტუაციას შეესწრო ბავშვი, ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ არასწორი კომუნიკაციის შედეგია და ის თავად არაფერ შუაშია, ან მივმართოთ ფსიქოლოგს. ბავშვებს აქვთ ასაკობრივი ეგოიზმი, რომლის „დამსახურებითაც“ ყველაფერი თავისი ბრალი ჰგონიათ, ეს ფაქტი კი ამძიმებს განცდებს.