ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებსა და მახასიათებლებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსი, შესაძლოა, საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი გაციების მსგავსად მიმდინარეობდეს:
„ბავშვებში ეს ვირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ჩვეულებრივი გაციება. პირველ ეტაპზე კორონივირუსის მიმდინარეობისას იყო მაღალი ტემპერატურა, ჰგავდა გრიპის გამოვლინებებს. იყო თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. უფრო აგრესიული და მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა თავიდან კორონავირუსს. ახლა დაავადება შესაძლებელია დაიწყოს როგორც გაციება. ამ ფორმას არ ახლავს ისეთი გამოვლინება, როგორიც არის ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.“
ივანე ჩხაიძის თქმით, დელტა შტამის შემთხვევაში ფილტვების ანთების განვითარების რისკი უფრო მაღალია:
„დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა. უფრო მეტად ზიანდება ქვემო სასუნთქი გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან, რომლებიც წვანან ჩვენს კლინიკებში, არის დაფიქსირებული ფილტვების ანთება. წამყვანი არის ფილტვების დაზიანება, რაც გამოარჩევს დელტა ვარიანტს. ფილტვების ანთების მკურნალობას აუცილებლად საავადმყოფო სჭირდება. თუ კორონავირუსის დროს ფილტვების ანთება განვითარდა, ბავშვის ასაკის მიუხედავად, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.“
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ბავშვი, რომელსაც ცხვირიდან გამონადენი ან დაბალი ტემპერატურა აქვს, მაშინვე საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, მაგრამ აუცილებელია ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობა. შესაძლებელია მდგომარეობა დღეების განმავლობაში შეიცვალოს. მშობელს, შესაძლოა, გამორჩეს ისეთი ნიშანი, როგორიც არის სუნთქვის გახშირება. შეიძლება არ იყოს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ სუნთქვა გახშირდეს, რაც ექიმისთვის ნიშნავს, რომ საეჭვოა ფილტვების ანთება. ტესტირება უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც იქნება უფრო მეტი მიმანიშნებელი ამ დაავადებაზე და არა პირველივე საათებიდან,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.