ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ მოვიქცეთ, ბავშვმა რომ სხვების ცუდ ქცევას არ მიბაძოს?
ბავშვებს მიმბაძველობა ახასიათებთ. ისინი სხვების ცუდ ქცევას ხშირად იმეორებენ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვმა ცუდი საქციელი ნორმად არ ჩათვალოს? ბავშვები მიმბაძველ ქცევებს ორი წლის ასაკში განსაკუთრებული სიხშირით ავლენენ. მართალია, ამ დროს მათ ქცევის შეფასების უნარი არ აქვთ, მაგრამ თუ ისინი სხვას მიუღებელ ქცევაში ბაძავენ, რამდენიმე წელიწადში მსგავსი ქცევა მოსაწონი ნამდვილად არ იქნება. საბედნიეროდ ბავშვის მოქნილი გონება აღნიშნულ ქცევებს მარტივად ივიწყებს და მათ სხვა ქცევებით ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მშობელს ხშირად უჭირს ბავშვის მიმბაძველობასთან ბრძოლა. შესაბამისად, როდესაც პატარა ზრდასრული ადამიანის ნეგატიურ ქცევას იმეორებს, მშობელმა სწორედ უფროსებთან უნდა იმუშაოს და არა ბავშვთან .
ორი წლის ბავშვი ვერ აცნობიერებს კონკრეტულ ვითარებაში რა სახის ქცევა ითვლება მისაღებად. ზრდასრულები ხშირად ბავშვების თანდასწრებით უწმაწურ სიტყვებს ამბობენ, უხამსად ხუმრობენ ან სხვა სახის ნეგატიურ ქცევას ახორციელებენ. ბავშვები კი ამ ყოველივეს ბუნებრივ ქცევად აღიქვამენ. რა თქმა უნდა, მიმბაძველობაში ცუდი არაფერია. ბავშვი აღნიშნულ უნარს კარგი ქცევების ასათვისებლადაც წარმატებით იყენებს. მშობელმა აუცილებლად უნდა დააწესოს გარკვეული საზღვრები, რომელიც ბავშვთან ურთიერთობაში ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას. მშობელმა უნდა უზრუნველყოს მისი შვილის დაცულობა. მშობელი ვალდებულია, ყველა ახლობელი გააფრთხილოს, რომ 10 წლის შვილისთვის ალკოჰოლის მცირე დოზით მიცემასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მშობელმა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ბავშვის მიმბაძველობა პოზიტიურ მხარეს მიმართოს. იმისთვის, რომ ოჯახმა მშობლის მიმართ თანადგომა გამოხატოს, შემდეგი მითითებების გათვალისწინებაა საჭირო:
აუცილებელია პრობლემის იდენტიფიკაცია. შესაძლოა, პრობლემა იყოს ის, რომ უფროსები არ ითვალისწინებენ მშობლის თხოვნას, არ გამოავლინონ ნეგატიური ქცევა ბავშვის თანდასწრებით, როდესაც ბავშვი აღნიშნულ ქცევას იმეორებს.
მშობელმა კატეგორიულად უნდა მოითხოვოს, რომ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ბავშვს არ ასწავლონ უწმაწური სიტყვები, უფროსებთან შეურაცხმყოფელი საუბარი და ა.შ.
თუ მშობელი ამჩნევს, რომ ოჯახში არ ითვალისწინებენ მის თხოვნას და უფროსები ბავშვს კვლავ ცუდ მაგალითს აძლევენ, მან პატარა სხვა ოთახში უნდა გაიყვანოს ან გარეთ გაასეირნოს, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მშობელი არ ხუმრობს.
მშობელმა სიმტკიცე უნდა შეინარჩუნოს და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პოზიცია არ უნდა შეიცვალოს.
მშობელმა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ყოველთვის გულახდილად უნდა ისაუბროს პრობლემაზე და აღნიშნოს, თუ რატომ უდგება ის აღნიშნულ საკითხს ასეთი სერიოზულობით. აქტიური კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა გარშემომყოფების დასარწმუნებლად, რათა ისინი მეტი სერიოზულობით მოეკიდონ პრობლემას. თუ ბავშვს უფროსები მხოლოდ კარგ მაგალითს აძლევენ, ცხადია, მიმბაძველობა მას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს და ჯანსაღი ჩვევების ათვისებაში დაეხმარება.