ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ქცევას აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია და ხშირად ეს ფუნქციები გადაფარავს ერთმანეთს,“ - მედეა ზირაქაშვილი
ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის ქცევის ფორმირების მნიშვნელოვან ასპექტებსა და ქცევის ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა. მან ქცევის ფორმირებაში გარემოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევის ფორმირებისთვის არის ის გარემო და დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ბავშვის მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ არამხოლოდ გარემოს შესახებ ინფორმაცია, არამედ ვიცოდეთ, რას მოითხოვს ქცევით ბავშვი. ქცევას აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია. ხშირად ეს ფუნქციები გადაფარავს ერთმანეთს.“
მედეა ზირაქაშვილის თქმით, ქცევის ერთ-ერთი ფუნქცია გარკვეული მდგომარეობისთვის თავის არიდებაა:
„პირველი, რასაც ხშირად იყენებს მცირე ასაკის ბავშვი, ეს გახლავთ თავის არიდება არსებული სიტუაციიდან. ხშირად ბავშვებს არ უყვართ კვება. თუ ბავშვი თეფშს აიღებს, გადააბრუნებს, ძირს დააგდებს და მშობელი ეტყვის: „როგორ ცუდად მოიქეცი, აღარ მიიღებ საკვებს,“ ამით მშობელი განუმტკიცებს ბავშვს ქცევას. ის ყოველთვის გადმოაბრუნებს თეფშს, სანამ მშობელი არ მიხვდება, რომ ის უბიძგებს ბავშვს იმ ქცევისკენ, რომელიც მისთვის არასასურველია. კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ხშირად გვხვდება არის ყურადღების მიქცევის მიზნით გარკვეული ქცევის განხორციელება. ძალიან ხშირად, როდესაც იბადება დედმამიშვილი, მშობელი ამბობს, რომ დაირღვა ბავშვის ქცევა, გახდა აგრესიული. შეიძლება ამ დროს ჩამოყალიბებულმა ტუალეტის ჩვევამ რეგრესი განიცადოს. ბავშვი ცდილობს მოიქცეს ჩვილივით, რადგან ყოველთვის აქცევენ ყურადღებას.“
„ქცევის მესამე ძირითადი მიზანი გახლავთ სასურველი საგნის მიღება. ეს ძალიან ხშირად გვხვდება ბაღის გარემოში. თუ ბავშვი ერთხელ შეძლებს, რომ აგრესიით, მუჯლუგუნით მოიპოვოს სათამაშო, ის მიხვდება, რომ აქვს კარგი გზა სასურველის მისაღებად. მეოთხე ფუნქცია არის აუტოსტიმულაციური ქცევა. ეს ძალიან პრობლემურია და მომართვიანობა ამასთან დაკავშირებით ხშირად არის. ეს უფრო ბავშვის შინაგანი ემოციური მდგომარეობიდან მოდის. მცირე ასაკში არის სექსუალური თვითსტიმულაცია ბავშვების, რაც მშობლებისთვის ძალიან შემაშფოთებელია. ამ შემთხვევაში ბავშვს თუ შევთავაზებთ გაცილებით საინტერესო აქტივობას, გაცილებით საინტერესო საგანზე გადავრთავთ მის ყურადღებას, მას ამისთვის დრო არ დარჩება. ეს პრობლემა ორი წლიდან ყველაზე აქტუალურია. 5 წლამდე, როგორც წესი, ინტენსივობამ უნდა მოიკლოს,“ - აღნიშნულ საკითებზე მედეა ზირაქაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.