ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
8 უსიამოვნო ქცევა ბავშვებში, რომელიც არა ცუდი აღზრდით, არამედ ასაკობრივი თავისებურებებით არის გამოწვეული
ბევრი მშობლისთვის ნაცნობია ვითარება, როდესაც ბავშვი მოულოდნელად იცვლის ქცევას. პატარა, რომელიც მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა, ისტერიკებს აწყობს, დაუმორჩილებელი ხდება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. კეთილისმსურველები მშობლებს მაშინვე უწყებენ დარიგებას და ურჩევენ ბავშვი გამოცდილ ფსიქოლოგს მიუყვანონ. ზოგიერთი მიუღებელი ქცევა ბავშვისთვის მისი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე სავსებით ბუნებრივია. ჩვენს სტატიაში ბავშვებში გავრცელებულ რთულ ქცევებზე გესაუბრებით, რომლებმაც არ უნდა შეგაშინოთ.
1. ბავშვი ყველა მოწოდებასა და თხოვნაზე უარით გპასუხობთ
ბავშვი მოულოდნელად ყველაფრისადმი ნეგატიურად განეწყობა და უარს ამბობს ნებისმიერ შეთავაზებაზე. მას საყვარელი ნივთებიც აღარ მოსწონს. მისი უარი ხშირად აგრესიული და უხეშია. როგორც წესი, „არას“ ეტაპი ბავშვს 2,5-3 წლიდან ეწყება, როდესაც ის საკუთარი თავის გაცნობას იწყებს. ის აცნობიერებს, რომ პიროვნებაა და საკუთარი სურვილები აქვს. მშობლებმა ამ დროს მოთმინება უნდა გამოიჩინონ. არ სცადოთ ბავშვის წინააღმდეგობის დაძლევა. არაფერი მოხდება, თუ ბავშვი თავად შეარჩევს ტანსაცმელს, რომელსაც ბაღში წასვლისას ჩაიცვამს. თუ ბავშვის უარს და ნეგატიურ განწყობას გაგებით მოეკიდებით, ის თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბდება. ამასთან თქვენი შვილი ყოველთვის გამოხატავს თქვენდამი მადლიერებას იმ თანადგომის გამო, რომელსაც მის მიმართ გამოიჩენთ.
2. ბავშვი გამუდმებით სვამს ერთსა და იმავე კითხვას
ბავშვი ერთსა და იმავე კითხვას უბრალოდ კი არ სვამს, ის პასუხებსაც მოითხოვს. ზოგჯერ ეს უსასრულოდ მეორდება. საოცარი მოთმინების უნარის მქონე მშობლებსაც კი უჭირთ ბავშვის ცნობისმოყვარეობასთან მშვიდად გამკლავება. გამეორების დახმარებით ბავშვი უკეთ სწავლობს სიტყვების გამოყენებას, აინტერესებს, იცვლის თუ არა სიტყვა მნიშვნელობას სხვადასხვა დროსა და ვითარებაში. ამ გზით ის კომუნიკაციას სწავლობს. გახსოვდეთ, რომ ბავშვის მეტყველების უნარის განვითარებისთვის ფრაზებისა და სიტყვების გამეორება ძალიან სასარგებლოა. ბავშვის მიერ კითხვების გამეორებით დასმის ეტაპი აუცილებლად გაივლის, თქვენი ნეგატიური რეაქცია კი მასზე დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ბავშვს კომპლექსებიც ჩამოყალიბდეს.
3. ღამის განმავლობაში ბავშვი რამდენჯერმე იღვიძებს
ბავშვს ძილის რეჟიმი ჩამოყალიბებული ჰქონდა, მაგრამ ის მოულოდნელად იწყებს ღამით ხშირად გაღვიძებას, სამ საათზე თამაშს ითხოვს და ისტერიკასაც აწყობს. რაც უფრო ხშირად ხდება ეს, მით უფრო უჭირთ მშობლებს ამის ატანა. როგორც წესი, ძილის რეჟიმის დარღვევას ემოციური გადატვირთვა იწვევს. შესაძლოა, ბავშვმა ღამით აქტიურად ითამაშა, ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო და ახალი უნარებიც შეიძინა. ეს ყოველივე მას მშვიდად დაძინების შესაძლებლობას ართმევს. ეცადეთ, ბავშვი აქტივობებით დღის პირველ ნახევარში დატვირთოთ. თუ ბავშვი ღამით გაიღვიძებს, ნუ გაუბრაზდებით. მასთან ერთად გარკვეული დრო გაატარეთ და კვლავ საწოლში დააბრუნეთ.
4. ბავშვი ამბოხს აწყობს და მშობლებს არ უსმენს
დილით მშობლები სამსახურში მიდიან, ბავშვს კი ბაღში ეჩქარება. ამ დროს ის სახეს და ხელებს ფაფაში ჰყოფს, ოთახში დარბის, კარადაში იმალება, რაც მშობელს მოთმინებას აკარგვინებს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბავშვი ამ დროს ცუდად არ იქცევა. დილით მას უზარმაზარი ენერგია აქვს და ცდილობს ითამაშოს. ბავშვის პრობლემა იმაშია, რომ მისი სურვილი მშობლების ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. ეცადეთ დილით ადრე გაიღვიძოთ, რათა ბავშვმა ენერგიის დახარჯვა შეძლოს. თუ ამას ვერ ახერხებთ, მის ქმედებებს არასწორად ნუ შეაფასებთ და ეცადეთ, თქვენს შვილს გაუგოთ.
5.ბავშვი წვრილმანების გამო ტირის და ყვირის
ბავშვს მულტფილმის ყურებაზე უარს ეუბნებით, რის გამოს ის ყვირის და ისტერიკას აწყობს. თქვენ ბავშვს სჯით, რადგან გავიწყდებათ, რომ გუშინ თავად შესთავაზეთ მას მოგვიანებით მულტფილმების ნახვა. თქვენ არ გეცალათ და ბავშვის გულის მოგებას ცდილობდით. ბავშვებს თამაშის წესები ძალიან კარგად ესმით, თუ თამაში მათ სასარგებლოდაა. როდესაც რაღაც იცვლება და პატარები სურვილებს ვერ იკმაყოფილებენ, ეს მათ ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურად ზემოქმედებს. ბავშვთან ურთიერთობისას გარკვეული წესები უნდა შეიმუშაოთ, რომელსაც არასდროს გადაუხვევთ.
6. ბავშვი ნივთებს ოთახში ფანტავს
ბავშვი ფანქრებს იატაკზე ყრის, სათამაშოებს ოთახში ფანტავს. ის საწოვარას ძირს დაახლოებით ათჯერ აგდებს და ათივეჯერ ტირილით ითხოვს მის დაბრუნებას. ბავშვს იმპულსური ქცევა ახასიათებს. ტვინის ის უბნები, რომლებიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, მას სათანადოდ განვითარებული ჯერ კიდევ არ აქვს. ნივთების გაფანტვის დროს ბავშვი კოორდინაციისა და ნატიფი მოტორიკის უნარებს ივითარებს. ის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს იკვლევს. ბავშვი ამჩნევს, რომ ნივთის მოსროლის შემდეგ ის იატაკზე ეცემა. ბავშვს აუხსენით, რომელი ნივთების დაყრა შეიძლება და რომლის არა. მას ორი წლის ასაკიდან ამის გაგება თავისუფლად შეუძლია.
7. ბავშვმა ნორმალურად ჭამა შეწყვიტა
ბავშვი ყოველთვის კარგად იკვებებოდა, მაგრამ მოულოდნელად მადა დაუქვეითდა. ის საყვარელ საკვებზეც ხშირად ამბობს უარს. პედიატრები მადის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. შესაძლოა, ეს იყოს ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა, კბილების ამოჭრის პროცესი ან გართობის სურვილი. ბავშვს არ სურს, რომ თამაშზე უარი თქვას და ისადილოს. ბავშვების მადაზე რაციონში ახალი საკვები პროდუქტების გამოჩენაც ახდენს გავლენას. პატარები კონსერვატორები არიან, მათ სიახლე აშინებთ. ბავშვის რაციონში სიახლე ფრთხილად შეიტანეთ. მას საკვებისადმი ნეგატიური განწყობა არ უნდა შეუქმნათ.
8. ბავშვი ხშირად აწყობს ისტერიკებს
ბავშვის ისტერიკა მშობლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ორი წლის პატარები ტირილს ხშირად გარკვეული სურვილის დაკმაყოფილების მიზნით იწყებენ, შემდეგ კი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ზოგჯერ ეს საჯარო სივრცეში ხდება, რაც ორმაგად რთულია. ისტერიკის მიზეზი გადაღლა, ემოციური გადატვირთვა, შიმშილი ან სხვა სახის უსიამოვნებაა. ბავშვი ისტერიკისთვის საბაბს ეძებს და შემდეგ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. ძალიან კარგია, თუ ბავშვს ისტერიკის დაწყებისთანავე დაამშვიდებთ და რამით გაართობთ. თუ ბავშვმა კონტროლი დაკარგა, ის თავად უნდა დამშვიდდეს. როდესაც ბავშვი დაწყნარდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაესაუბროთ მას და მისი ემოციების გაგება სცადოთ.