ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის, არ არის სწორი დებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ ბავშვზე,“ - შალვა ამონაშვილი
ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი დისტანციური სწავლების პრობლემებსა და პერსპექტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლების იმავე მეთოდებს არ უნდა მიმართონ, რასაც სკოლებში იყენებდნენ:
„სამწუხაროდ, მასწავლებლებმა ვერ გაიაზრეს ყველაფერი კარგად და დისტანციური გაკვეთილები მიჰყავთ ჩვეულებრივი წესით, ისევ ისე, როგორც სკოლაში. კიდევ უფრო მოსაწყენი ხდება ეს გაკვეთილები. ხომ ხდება, რომ ფილმს უყურებ და ეკრანს მიეჯაჭვები. ბავშვები მიჯაჭვულები არიან რაღაც თამაშებს. ხომ შეიძლება, რომ მათთვის ასეთივე საინტერესო გავხადოთ დისტანციურად ურთიერთობა. მე არ მგონია, რომ ეს სწავლების და განათლების მთავარი გზაა. მოვა დრო და ისევ დავბრუნდებით სკოლებში, ისევ ახმაურდებიან ბავშვები ეზოებში, კლასებში, დერეფნებში.“
შალვა ამონაშვილის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილი პოზიტიური ემოციით უნდა დაიწყოს:
„რა უნდა გავაკეთოთ ახლა? პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა მოესიყვარულოს ბავშვს ეკრანიდან, რაღაც კარგი უთხრას, დაარიგოს დღე როგორ ააგოს, როგორ შეხვდეს მშობლებს. ეს ძალიან სერიოზულია. მერე ასწავლოს მათემატიკა და სხვა ამოცანები. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია და ზოგი მასწავლებელი ამას აკეთებს კიდეც. თუ დისტანციური გაკვეთილი გახდება ერთ საათიანი, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტს ისწავლიან ბავშვები? რა თქმა უნდა, არა. საქმე რაშია, იცით? რა მოტივს ვუჩენთ ჩვენ ბავშვებს? ბავშვმა მასწავლებლისგან უნდა წაიღოს რაღაც ხალისიანი იმპულსი. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს დავალება, რომ გამოიკვლიოს მათემატიკური ფორმულა, გამოიკვლიოს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა. თუ ბავშვი ასეთ დავალებებს შეასრულებს, ოცი წუთი სავსებით საკმარისია.”
შალვა ამონაშვილის მტკიცებით, ბავშვი გაკვეთილზე მასწავლებელს არ მოუსმენს, თუ ის მისი მხრიდან სიყვარულს ვერ გრძნობს:
“თუ დისტანციური სწავლებისას ბავშვს სიყვარული არ გამოვუვლინეთ, ის იქით მხრიდან არ მოგკვეკარება, დაჯდება ეკრანთან, მაგრამ არ მოგვისმენს. დროს როგორ მოვუვლით, ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც ატომურ რეაქტორში მცირე ნაწილაკი გაიხლიჩება და ენერგია გამოვლინდება, ასევე თითო წამი განათლებისა უნდა დავტვირთოთ ჩვენი ხალისიანი გრძნობებით, ბავშვის სიყვარულით, პატივისცემით და ღვთისნიერი სიტყვით.“
შალვა ამონაშვილის თქმით, დისტანციური სწავლება იძულებითი მოვლენაა და მას ყველანი უნდა შევეგუოთ:
„ეს იძულებითი ვითარებაა, მეტი გზა არ არის, ამას უნდა შევეგუოთ. მასწავლებელმა მოიწვიოს მშობელი ბავშვთან ერთად, თუ, რა თქმა უნდა, აქვს დრო მშობელს, რომ უსმინოს გაკვეთილს, რამეთუ ისწავლოს მასწავლებლის მიდგომა, მისი სიმშვიდე, მეთოდიც, როგორი გზებით ცდილობს მასწავლებელი, რომ ბავშვს რაღაც შთააგონოს. მერე მშობელს მეტად შეეძლება, რომ ბავშვს სწავლაში დაეხმაროს. ამასთან მშობლებს ვურჩევ დიდ მოთმინებას. მოთმინების გარეშე შეიძლება ჭკუიდან გადავიდეთ. როდესაც ბინაში ვართ ჩაკეტილი ბავშვებთან, რომლესაც არ ეთმინებათ, გარეთ გასვლა უნდათ, შეიძლება ნებისყოფა დავკარგოთ და უსიამოვნება მოგვიხდეს ბავშვთან ურთიერთობაში. ამას ვეძახი მე შემოქმედებით მოთმინებას, როდესაც ბავშვთან ერთად წიგნს კითხულობ, მასთან ერთად რაღაცას განიხილავ, მასთან ერთად ჩაიძინებ. უნდა ვიყოთ ბავშვთან ერთად. თუ აღზრდა გინდათ, ეს ხდება ერთობლივად, არა დისტანციურ ურთიერთობებსა და ჭკუის დარიგებებში.“
შალვა ამონაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბავშვებს ბევრი გასართობი აქვთ, რის გამოც მათ სწავლისადმი ინტერესი უნელდებათ:
„ჩემი მოწაფეობის დროს ყველა მოწადინებულები ვიყავით, განა უკეთესები ვიყავით, უბრალოდ სხვა გასართობი არ იყო. საყურებელი და სანახაობა, რომელიც მოგვწყვეტდა სწავლის საქმისგან, ცოტა იყო. ახლა მომხიბლავი საშუალებები ძალიან ბევრი. ამ პირობებში ბევრი ბავშვი ჩამოსცილდა სწავლას. სწავლა ყველას შეუძლია, მაგრამ ავტორიტარულ პირობებში სწავლა ყველას აღარ უნდება. მე მასწავლებელს ვურჩევდი იხმაროს არა მართვის ფსიქოლოგია, არამედ თანხმობის ფსიქოლოგია. ზოგიერთი ბავშვი თავისითაც ისწრაფვის სწავლისკენ, ისე არის ბუნებრივად ოჯახი მოწესრიგებული. ბავშვთა უმრავლესობა გაერთო ამ გამომწვევი გასართობებით. ის, რომ ვისაც სწავლა უნდა ისწავლის, არ არის მთლად სწორი დებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ ბავშვზე. ეს შეგვიძლია სტუდენტის მიმართ ვთქვათ. როდესაც ის მოდის უნივერსიტეტში, თუ უნდა ისწავლის, თუ უნდა -არა. იქ ის ნებით მოვიდა, არის კარი და შეუძლია წავიდეს."
„ სკოლაში ბავშვს უნდა მოვანდომებინოთ სწავლა. ის ჯერ ვერ იგებს, რამდენად აუცილებელია მისთვის ის, რასაც ვთავაზობთ. ძალით ვერ მოანდომებ ბავშვს სწავლას. ბავშვს უნდა შევაყვაროთ ჩვენი თავი. ჩვენც მეთოდი ვართ, იცით? შეაყვარე ბავშვს თავი შენი სიკეთით, შენი დახმარებით, დაცვით. დაიცავი ბავშვი გაჭირვებაში, როდესაც უჭირს და ვერ პასუხობს, ვერ ამოუხსნია საკონტროლო. იყავით გვერდით ბავშვთან ყველა ვითარებაში, რომ ბავშვმა დაინახოს, როგორი თავშესაფარია მისი მასწავლებელი. თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, მას მოუნდება სწავლა, რადგან მას უყვარს ყველაფერი, რაც მასწავლებელთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბავშვების მხრიდან ჩვენდამი სიყვარულს გავურბივართ, ეს არ მიგვაჩნია მთავარ საქმედ,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.