Baby Bag

„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე“ - ბავშვთა ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის ფსიქიკაზე შეზღუდვების მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„იმისთვის, რომ ბავშვს ჯანმრთელი ფსიქიკა ჰქონდეს, აუცილებელია, რომ შეზღუდვა, რომელსაც მას საზოგადოება, ოჯახი ან მისი პირადი პრობლემები უწესებს, არ იყოს გრძელვადიანი და იმდენად მძიმე, რომ ბავშვისთვის ადაპტაციის დარღვევები გამოიწვიოს. დღევანდელობასთან რომ გავავლოთ პარალელი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ზრდასრულ ადამიანებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ მოგვემატა შფოთვა, გაღიზიანებადობა. ბავშვები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში არიან, ვიდრე ჩვენ. გუშინდელი ბაღში მისვლა, სკოლაში სიარული, ემოციების ვენტილაცია, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა თანატოლებთან, მას სრულად შეეზღუდა. შესაბამისად, გარკვეული კლინიკური, ტრანზიტორული ნიშნები, რომლებიც ბავშვებში გვხვდება ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებად უნდა ჩავთვალოთ.“

მედეა ზირაქაშვილმა პანდემიის დროს დაწესებული გრძელვადიანი შეზღუდვების ნეგატიურ მხარეებზეც ისაუბრა:

„შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ჭრილში განვიხილოთ ამ სტრესორების ზემოქმედება. საზოგადოება და სოციუმი აბსოლუტურად სხვა შეზღუდვებს უწესებს ბავშვს, ოჯახს თავისი შეზღუდვები აქვს, ხოლო საკუთარი შინაგანი ნიშნები მას აბსოლუტურად განსხვავებულ შეზღუდვებს უწესებს. აუცილებლად უნდა შევეხო პანდემიის დროს სკოლებისა და ბაღების დახურვის საკითხს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა. ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილება არ ვიცით საბოლოო ჯამში რამდენად სწორი იყო. თუ ამბობდნენ, რომ ბავშვები არიან ვირუსის აქტიური გამავრცელებლები და ისინი საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ზრდასრულ ადამიანებსაც, აღმოჩნდა, რომ დღეს ბავშვები არცთუ ისე აქტიური გამავრცელებლები არიან. მეცნიერები ბევრს კამათობენ, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს ბავშვებში. გარდა იმისა, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ზღუდავს ბავშვების აკადემიურ უნარებს, მათ ეზღუდებათ ყველა მნიშვნელოვანი უნარი, ეს არის სოციალური ფუნქციონირება. სოციალური უნარების განვითარება უნდა მოხდეს იმ ასაკობრივ სოციუმში, რომელშიც ბავშვს უხდება ყოველდღიური ყოფა. მისი შესამაბისი ასაკობრივი სოციუმი არის სკოლისა და ბაღის გარემოში.“

„გარდა იმისა, რომ აკადემიური თვალსაზრისით სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი მომავალი თაობა, მას დიდი პრობლემები ექმნება სოციალური განვითარების თვალსაზრისით. სკოლა ეს არის გარემო, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს ბავშვებთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში. პედაგოგმა ბავშვს პირველად უნდა დაუწესოს ყველაზე სერიოზული შეზღუდვები, როგორებიცაა: ყურადღების კონცენტრაცია, კლასში ჯდომა, რიგის დაცვა, აქტიურად მოსმენა, კომპრომისზე წასვლა. ეს ყოველივე კი ბავშვთან პირისპირ ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა მედეა ზირაქაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება

მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება

მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაცემაში „ჩვენი სკოლა“ ისაუბრა. 

მისი თქმით, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით:

„მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, ხოლო შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება კლასში.“

ამ ყველაფრის გაკონტროლება კი განათლების მინისტრის ხედვით შემდეგნაირად განხორციელდება - განათლების მინისტრი უნდა ენდოს მასწავლებლის სახლს, მასწავლებლის სახლი დირექტორს, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს:

„საქართველოში არის 45 000 საკლასო ოთახი და შეუძლებელია ამდენი გაკვეთილი გაკონტროლდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ სკოლას. ჩვენი განათლების მინისტრის ხედვა ასეთია და ჩვენ ამის ირგვლივ ვართ შემოკრებილები: განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე უნდა ვენდო დირექტორის, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ვართ და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვა და ზედ­მე­ტი კონ­ტ­რო­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მე­თო­დი იყო, ეს უნ­დობ­ლო­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან კარ­გად გეს­მით, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლებს 58 684 პე­და­გო­გი­სა და 2 083 სა­ჯა­რო სკო­ლის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას, ეს უტო­პიაა და ვი­საც ამის სჯე­რა, ვეტყ­ვი, რომ ისევ სა­ბუ­თო­მა­ნი­ამ­დე მი­ვალთ. გვქონდა გამოცდილება, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ნაცვლად ამ საბუთომანიაზე იყვნენ კონცენტრირებულები. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ტრე­ნინ­გ­ზე ერთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბი, თუ სკო­ლა კარ­გად მუ­შა­ობს (ფეხ­ბურ­თის გუნ­დი და სკო­ლა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს), მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხო­ლო, რო­ცა ცუ­დად მუ­შა­ობს, ეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრა­ლია. ასე­ვეა ფეხ­ბურ­თის გუნ­დიც - იგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ი­გეს, აგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ მწვრთნელ­მა წა­ა­გო,“ - დასძინა მან.

წაიკითხეთ სრულად