,,რა თქმა უნდა, ბავშვის ყველა ქცევა, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის არის მიუღებელი, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება, რადგანაც ამას სჭირდება ცალკე, დეტალური შეფასება", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნინო ბუაძემ ისაუბრა.
მაგრამ მაინც, ყველაზე დამახასიათებელი შეკითხვა, როდესაც მშობლები მოგვმართავენ, არის: როდესაც ბავშვი ამბობს - მინდა - რა ვქნა, როგორ მოვიქცე? მნიშვნელოვანი წინაპირობა, როგორ ყალიბდება ბავშვის ქცევა, დამოკიდებულია მშობელზე - როგორ რეაგირებს ის ბავშვის ამა თუ იმ მოთხოვნაზე, მისთვის დამახასიათებელ რთულ ქცევაზე, განსხვავებული მიდგომა აქვს - რამდენად თანმიმდევრულია მშობელი და ოჯახის თითოეული წევრი. როდესაც ერთსა და იმავე ქცევაზე ბავშვს განსხვავებული დამოკიდებულებით პასუხობენ, რა თქმა უნდა, ის კონკრეტულ ქცევას განსხვავებულად აყალიბებს სხვადასხვა ადამიანთან მიმართებით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული და ერთნაირი დამოკიდებულება აკრძალვისა და დაშვების შემთხვევაში. ასევე, უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუ რაზე ამახვილებენ ზრდასრულები ყურადღებას. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ ნეგატიური ქცევა და არა - პოზიტიური. ქცევის კორექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელია, როდესაც ზრდასრული აქცენტს აკეთებს დადებით ქცევაზე, მის შეფასებასა და იმ მოლოდინზე, რაც ბავშვს აქვს. შესაბამისად, როდესაც მხოლოდ რთული ქცევის განსჯა ხდება, ეს არ არის საკმარისი.
ცხადია, ქცევის კორექციისთვის ერთ-ერთ მეთოდად მიღებულია იგნორი, მაგრამ, გარდა იგნორისა, რა ფორმებს შეიძლება, მიმართოს მშობელმა - ეს არის არა დასჯა, არამედ - დისციპლინა. რა განსხვავებაა დასჯასა და დისციპლინას შორის - არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა - რამდენად არის ბავშვი ინფორმირებული, რა შეიძლება, მოჰყვეს მის კონკრეტულ ქცევას. მაგალითად, როდესაც ბავშვი ითხოვს, მაღაზიაში უყიდონ მისთვის სასურველი ნივთი და მშობელი მას ფიზიკურად ეხება ან აიგნორებს, ან გამოჰყავს ძალით - ეს არის დასჯა. ქცევის შემდგომ, როდესაც ბავშვი დამშვიდდება, მშობელი მშვიდად უნდა ესაუბროს აღნიშნული საქციელის შესახებ და გაუზიაროს საკუთარი მოლოდინი, რა შეიძლება, მოჰყვეს ამ კონკრეტული ქცევის გამეორებას და როდესაც მშობელი კვლავ დაგეგმავს ვიზიტს მაღაზიაში, საყიდლებზე, გაუზიაროს მოლოდინები - რას ელოდება მისგან ან შესთავაზოს შეზღუდული არჩევანი", - განმარტავს ფსიქოლოგი.