Baby Bag

,,ბავშვის ყველა ქცევა, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის არის მიუღებელი, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება" - ფსიქოლოგი

,,ბავშვის ყველა ქცევა, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის არის მიუღებელი, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება" - ფსიქოლოგი

​,,რა თქმა უნდა, ბავშვის ყველა ქცევა, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის არის მიუღებელი, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება, რადგანაც ამას სჭირდება ცალკე, დეტალური შეფასება", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნინო ბუაძემ ისაუბრა.

მაგრამ მაინც, ყველაზე დამახასიათებელი შეკითხვა, როდესაც მშობლები მოგვმართავენ, არის: როდესაც ბავშვი ამბობს - მინდა - რა ვქნა, როგორ მოვიქცე? მნიშვნელოვანი წინაპირობა, როგორ ყალიბდება ბავშვის ქცევა, დამოკიდებულია მშობელზე - როგორ რეაგირებს ის ბავშვის ამა თუ იმ მოთხოვნაზე, მისთვის დამახასიათებელ რთულ ქცევაზე, განსხვავებული მიდგომა აქვს - რამდენად თანმიმდევრულია მშობელი და ოჯახის თითოეული წევრი. როდესაც ერთსა და იმავე ქცევაზე ბავშვს განსხვავებული დამოკიდებულებით პასუხობენ, რა თქმა უნდა, ის კონკრეტულ ქცევას განსხვავებულად აყალიბებს სხვადასხვა ადამიანთან მიმართებით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული და ერთნაირი დამოკიდებულება აკრძალვისა და დაშვების შემთხვევაში. ასევე, უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუ რაზე ამახვილებენ ზრდასრულები ყურადღებას. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ ნეგატიური ქცევა და არა - პოზიტიური. ქცევის კორექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელია, როდესაც ზრდასრული აქცენტს აკეთებს დადებით ქცევაზე, მის შეფასებასა და იმ მოლოდინზე, რაც ბავშვს აქვს. შესაბამისად, როდესაც მხოლოდ რთული ქცევის განსჯა ხდება, ეს არ არის საკმარისი.

ცხადია, ქცევის კორექციისთვის ერთ-ერთ მეთოდად მიღებულია იგნორი, მაგრამ, გარდა იგნორისა, რა ფორმებს შეიძლება, მიმართოს მშობელმა - ეს არის არა დასჯა, არამედ - დისციპლინა. რა განსხვავებაა დასჯასა და დისციპლინას შორის - არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა - რამდენად არის ბავშვი ინფორმირებული, რა შეიძლება, მოჰყვეს მის კონკრეტულ ქცევას. მაგალითად, როდესაც ბავშვი ითხოვს, მაღაზიაში უყიდონ მისთვის სასურველი ნივთი და მშობელი მას ფიზიკურად ეხება ან აიგნორებს, ან გამოჰყავს ძალით - ეს არის დასჯა. ქცევის შემდგომ, როდესაც ბავშვი დამშვიდდება, მშობელი მშვიდად უნდა ესაუბროს აღნიშნული საქციელის შესახებ და გაუზიაროს საკუთარი მოლოდინი, რა შეიძლება, მოჰყვეს ამ კონკრეტული ქცევის გამეორებას და როდესაც მშობელი კვლავ დაგეგმავს ვიზიტს მაღაზიაში, საყიდლებზე, გაუზიაროს მოლოდინები - რას ელოდება მისგან ან შესთავაზოს შეზღუდული არჩევანი", - განმარტავს ფსიქოლოგი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ," - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი ბავშვთან ურთიერთობისას სიტყვა „არას“ გამოყენების შეზღუდვის საჭიროებაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ არას სანაცვლოდ მათ ბავშვს სხვა ალტერნატივა შესთავაზონ:

„ბავშვებთან ურთიერთობისას სიტყვა „არა“ ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. არას სანაცვლოდ ბავშვს ვთავაზობ რაღაცას, მაგ. მოდი, ერთად მოვძებნოთ შენთვის სათამაშო. აკრძალვების ქვეშ გაზრდილი ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც კომპლექსები უჩნდება, რომელსაც სიახლის შიში აქვს, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ვერ ვიტყოდი, რომ ის უფრო აგრესიული ბავშვი გაიზრდება. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არცერთი კვლევა არ გამორიცხავს, რომ ერთი მიდგომით სხვა ბავშვი სხვანაირი არ გაიზრდება.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, მუდმივი აკრძალვა ბავშვს უინიციატივობას და მორჩილებას აჩვევს:

„მუდმივი აკრძალვა ნიშნავს, რომ რაღაცას ვაფუჭებ, ეს არ შეიძლება, ეს არ უნდა გავაკეთო, სულ სხვას ვუჯერებ. მე რომ ჩემით გავაკეთო რამე, ჩემი ინიციატივა წაახალისონ, ან დავაშავე, გავტეხე ჭიქა, მაგრამ კი არ დამსაჯეს, მითხრეს, რომ არაუშავს, ძველი იყო და გადავაგდოთო, ეს არის ნორმალური.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, აკრძალვა ყველა ბავშვისთვის საჭიროა, თუმცა მას ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს:

„აკრძალვა ყველა ბავშვს სჭირდება. იმისთვის, რომ ფასეულობები ჩამოყალიბდეს, პატარიობიდანვე იწყება ეს პროცესი. რაღაც არის, რაც არ შეიძლება, არის, რაც შეიძლება. აქ იმაზეა საუბარი, რომ როდესაც მუდმივად გესმის: „ეს არ გააკეთო, ეს არ შეიძლება,“ მართლა უკვე აღარ ისმინება. მშობლები და ოჯახის წევრები უნდა შეთანხმდნენ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. დარტყმა არ შეიძლება, შეურაცხყოფა არ შეიძლება, ფანჯარაზე ასვლა არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ კიბეებზე ათ კიბეს გადაახტე. უბრალოდ ბავშვს ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. არის ის, რაც რეალურად არ შეიძლება, მაგრამ ამ არ შეიძლებას მოჰყვება ახსნა.“

„არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ. ესეც უკუშედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის სიტყვა არას მნიშვნელობა. თუ ოჯახში ხელს ვერ უწყობენ და ყველა ხელს ვერ შეუწყობს, ის დაიწყებს ისტერიკას, რას ჰქვია არა მითხრესო. ემოციური პრობლემები ამ შემთხვევაშიც ჩნდება, ისევე როგორც ყველაფრის აკრძალვის დროს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად