Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა: ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა: ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დედობის დადებით მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლობა ადამიანს ფუნდამენტურ და ყველზე დიდ შიშს ამარცხებინებს:

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა. შენ ფიქრობ: „ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას.“ ​დამარცხებულია რაღაც ყველაზე დიდი, ფუნდამენტური შიში. ეს შიში ისევ ცოცხალია, უბრალოდ გადატანილია უკვე სხვა ადამიანზე, რომელიც შენს თავზე უფრო ძვირფასი ხდება.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქრისტიანული მოდელის მიხედვით მშობელი გამტარია და შვილი ამქვეყნად ღმერთის ნებით არის მოვლენილი:

„შემდეგ ყველაფრის გააზრება ხდება რელიგიურ-ფილოსოფიურ ჭრილში.​ ქრისტიანულ რელიგიაში ჩვენ გვაქვს მოდელი, რომ მარიამი აჩენს შვილს, რომლის მოსვლა მას არავინ ჰკითხა. არ აქვს მნიშვნელობა შენ დაგეგმე შვილის გაჩენა, თუ არ დაგეგმე, ის მოდის იმიტომ, რომ უბრალოდ მოდის. შენ უბრალოდ მისი გამტარი ხარ.“

„ეს ფილოსოფია განაპირობებს პირველ რიგში იმას, რომ ვიცოდეთ: შვილები ჩვენი საკუთრება არ არიან. ჩვენ უბრალოდ გვერგო პატივი, რომ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე მანამ, სანამ ისინი არიან პატარები და​ პატივი ვცეთ მათ აბსოლუტურ ავტონომიას. დედობა პირად განცდაში, რა თქმა უნდა, უძვირფასესი რამ არის, როდესაც შენ გრძნობ, როგორ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც შენს თავზე მეტად, არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომლის გამოც შენ მზად ხარ გასცე შენი ორგანოებიც, სიცოცხლეც ერთ წამში. მერე ამის განზოგადება თუ შეგიძლია ზოგადად კაცობრიობაზე და მხოლოდ შენს შვილებში არ იკეტები, ეს უკვე ძალიან მაღალი განვითარების შედეგია. განვითარებასთან შეხება პირველ რიგში ხდება შვილის გავლით, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა შენს თავზე მეტად,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

წყარო: ​INSIGHTelevision

წაიკითხეთ სრულად