Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

„სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა მშობლების მხრიდან შვილის ნიჭის დათრგუნვის პრობლემაზე ისაუბრა და უფროსებს ურჩია, ბავშვის მცდელობები არ გააკრიტიკონ:

„ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. პირველ რიგში, ეს არის აღზრდა. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს. რაღაც სცადა პატარამ, შეიძლება ეს არ იყოს გასაოცარი და იდეალური, მაგრამ ​ბავშვი ცდილობს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუწუნო. მით უმეტეს, რომ ის ბავშვია და უფლება აქვს, რომ იდეალურად არ გააკეთოს რაღაც. სამწუხაროდ, ეს ასე ხდება ხოლმე.“

ინგა ბლესსის თქმით, პროფესიის არჩევა მასაც ძალიან გაუძნელდა:

„მე საკმაოდ რთული გზა გავიარე პროფესიების გამოცვლის მხრივ, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მინდოდა. 12-13 წლის ასაკში, როდესაც მოვიდა ეს ცოდნა, გადაწყვიტე და მიჰყევი ამას, ეს უკვე ბედნიერებაა. მე ეს ბედნიერება არ მქონდა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა.“

„ჩემი მშობლები ექიმები არიან, ვფიქრობდი ექიმი ხომ არ გავმხდარიყავი. მერე მივხვდი, რომ არ მინდოდა ექიმობა. ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. როდესაც ვაპირებდი, რომ ინსტიტუტში ჩამებარებინა, ეს იყო 90-იანი წლები, ვერც კი გავბედე, რომ ხმამაღლა მეთქვა, რომ ფსიქოლოგია მინდოდა. მერე დაწყებული პროგრამირებიდან, ბევრი სხვადასხვა განათლება მივიღე,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო: ​IBEL ACADEMY

წაიკითხეთ სრულად