Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია რძე და თაფლი, ეს ხველასაც უხდება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვებში ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია რძე და თაფლი, ეს ხველასაც უხდება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ომიკრონის ყველაზე ხშირი სიმპტომებისა და მათი მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„პრაქტიკულად ვერცერთი ცხვირის წვეთი ვერ აგვარებს ცხვირის გაჭედვის პრობლემას. მშობლები ცდილობენ ეს პრობლემა რაღაცნაირად მოუგვარონ ბავშვს, იმიტომ, რომ ის დისკომფორტს განიცდის. მშობლები თვითნებურად იყენებენ ცხვირის წვეთებს, რაც დაუშვებელია, იმიტომ, რომ ცხვირი არის ბავშვისთვის შოკური ორგანო. ცხვირი ძალიან ახლოა ჰემატოენცეფალურ ბარიერთან. ცხვირში ჩაწვეთებულმა ნებისმიერმა წამალმა შეიძლება გაიაროს ჰემატოენცეფალური ბარიერი. ამ დროს სისხლძარღვების შევიწროვება ხდება არამხოლოდ ცხვირში, არამედ ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად თავის ტვინშიც და შეიძლება ბავშვს განუვითარდეს კოლოპტოიდური მდგომარეობა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიყოთ ამ დროს. ერთადერთი საშუალება, რაც ამ დროს შეიძლება, ეს არის ფიზიოლოგიური ხსნარი.“

„კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც გამოკვეთილია ომიკრონის დროს, ეს არის ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ცალ მხარეს ჩაფხაჭვნის შეგრძნება. ძალიან პატარებს უჭირთ ყლაპვა, ჩვილებს პირიდან ეღვრებათ საკვები. ცოტა მოზრდილი ბავშვები აღნიშნავენ საშინელ თავის ტკივილს, წელის, ზურგის და ხერხემლის ტკივილს. ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი ძალიან მდიდარია სხვადასხვა სპრეებით, სხვადასხვა საწუწნი აბებით, რომლებსაც მშობლები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუდევრად იყენებენ. ეს სპრეები ძალიან ხშირად შეიცავს ლიდოკაინს, რომელიც ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, შეიძლება ბავშვისთვის გახდეს ერთ-ერთი ალერგიული ტრიგერი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია ან კვინკეს შეშუპებაც კი გამოვიწვიოთ. ამ დროს სჯობს ხალხური მეთოდების გამოყენება. ​ყველაზე უფრო კარგია ასეთ დროს სოდიანი და მარილიანი წყლის სავლები. ძალიან პატარა ბავშვებში, ჩვილებში, ვეცადოთ ხშირად ვაწოვოთ ბავშვს. ამ დროს ხდება კუნთების გავარჯიშება და შეიძლება, ტკივილი შევუმსუბუქოთ ბავშვებს. ძალიან კარგია რძე და თაფლი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხელ რძეში თაფლის ჩასხმა. რძე და თაფლი ხველასაც უხდება. ეს სიმპტომები სამი დღის განმავლობაში არის და შემდეგ ხდება ამ სიმპტომების უკუგანვითარება,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად