Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც გაბრაზებული იძინებთ?

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც გაბრაზებული იძინებთ?

გაბრაზებული ხშირად თუ იძინებთ, თქვენს თავს უდიდეს ზიანს აყენებთ. სიფხიზლეში თქვენ ნეგატიური ემოციების გადამუშავებას და მათგან გათავისუფლებას მარტივად ახერხებთ. თუ ვინმემ გაწყენინათ და ღამით გაბრაზებული იძინებთ, შესაძლოა, მცირე უსიამოვნება მალე შექსპირის დრამას დაემსგავსოს და მოვლენები უსიამოვნოდ განვითარდეს. რა ხდება, როდესაც ადამიანი გაბრაზებული იძინებს? ვეცდებით ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.

  • ბრაზი ძილს გიფრთხობთ

სტრესი და მძიმე განცდები თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად ზემოქმედებს, რის გამოც ღრმად ჩაძინება გიჭირთ და დაძაბული ხართ. ამ დროს თქვენ ვერც ჩაძინებას ახერხებთ, ხოლო თვალის მოხუჭვას თუ მაინც შეძლებთ, ღრმა ძილამდე ვერაფრით მიდიხართ. დილით თქვენ დაღლილი და გაღიზიანებული იღვიძებთ. ბრაზი ძილის დარღვევებს იწვევს, ძილის დარღვევები კი კიდევ უფრო მეტ ბრაზს. ეს ყოველივე თქვენ ირგვლივ მოჯადოებულ წრეს ქმნის, რომელში მოხვედრას არცერთი ადამიანი არ ისურვებდა.

  • ბრაზი თქვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილის ხარისხი ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ძილი ძლიერი სტაბილიზატორია, რომელიც ემოციების გაკონტროლებაში გეხმარებათ და დღის განმავლობაში საჭირო ენერგიით გამარაგებთ. ბრაზი და ინტენსიური სტრესი ამ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ნეგატიური ემოციები სტრესის ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, რის გამოც თქვენ მარტივად ღიზიანდებით და გამუდმებით შფოთავთ. თუ გაბრაზებული ხშირად იძინებთ, თქვენ ინსომნიის და დეპრესიის განვითარების რისკი გემუქრებათ, შესაძლოა, ღამის კოშმარებმაც დაგტანჯონ.

  • თქვენ წყენის დავიწყება გიჭირთ

კვლევებით დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულები იძინებენ, ნეგატიური განცდების დავიწყებას ვეღარ ახერხებენ. ძილის დროს ახალი მოგონებები ჩვენს მეხსიერებაში ილექება და ისინი ძალიან დიდხანს გვახსოვს. თუ ნაწყენი იძინებთ, ბრაზი თქვენს განუყოფელ ნაწილად იქცევა და მისგან თავის დაღწევა გაგიჭირდებათ. უმჯობესია, თუ უარყოფით ემოციებს ფხიზელი გონებით გააანალიზებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტთ დაძინებას. ძილი ნეგატიურ განცდებს უფრო გააძლიერებს, რაც თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება.

  • თქვენ გულწრფელობას კარგავთ

ყველამ კარგად ვიცით, რომ გვიანი საღამო წყვილისთვის ინტიმური დროა. თუ თქვენ დასაძინებლად გაბრაზებული წვებით, პარტნიორის მიმართ ტოქსიკური დამოკიდებულება გიჩნდებათ. თქვენ საღამოს საათებს ბრაზთან და ნეგატიურ განწყობასთან აიგივებთ, რის გამოც მეუღლის მიმართ სიახლოვეს ვერ გრძნობთ. თუ ჩხუბის შემდეგ ყოველთვის გაბრაზებულ გულზე დაიძინებთ, თქვენი ურთიერთობა სერიოზულ დარტყმას მიიღებს და შესაძლოა, დასრულდეს კიდეც.

  • მეუღლესთან ურთიერთობა გიფუჭდებათ

ჩხუბის დროს საბანს თუ დაიფარებთ და დაძინებას გადაწყვეტთ, მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ თქვენთვის ყველაზე მთავარი კამათში გამარჯვებაა და არა ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება. კონფლიქტთან გამკლავების თქვენეული მეთოდები ურთიერთობას ან ამყარებს, ან ანგრევს, რის გამოც ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად