Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი ჯიუტობს არა უზნეობის გამო, არამედ მან აღმოაჩინა, რომ მშობლების „მინდა“ სრულდება და სინჯავს, თვითონ რომ იტყვის „მე მინდა,“ შეუსრულდება თუ არა,“ - რამაზ საყვარელიძე

„ბავშვი ჯიუტობს არა უზნეობის გამო, არამედ მან აღმოაჩინა, რომ მშობლების „მინდა“ სრულდება და სინჯავს, თვითონ რომ იტყვის „მე მინდა,“ შეუსრულდება თუ არა,“ - რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ბავშვის აღზრდის აღმოსავლური ტრადიციების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილთან მიმართებაში ასაკის შესაბამისი მიდგომები უნდა გამოვიყენოთ:

„ჩინურ-ინდური აზროვნებიდან არის ასეთი ფორმულასავით: „ექვს წლამდე ბავშვს უნდა მოექცე როგორც მეფეს, ექვსიდან თერთმეტამდე, როგორც მოსამსახურეს, თერთმეტის მერე, როგორც მეგობარს." ზუსტად არის ყველაფერი გაწერილი და რატომ? ხუთ წლამდე ბავშვში ყალიბდება მე. პირველი სიჯიუტის ხანაა. ბავშვი ჯიუტობს არა უზნეობის გამო (თუმც მშობელს ხშირად ჰგონია, რომ უზნეობაა და ბავშვს რეპრესიას უკეთებს), მან აღმოაჩინა, რომ მშობლების „მინდა“ სრულდება. მას უჩნდება განცდა, რომ „მე“ რაღაც არის. ის სინჯავს, თვითონ რომ იტყვის მე მინდა ან არ მინდა, შეუსრულდება თუ არა. მე, რასაც ჩვენ პიროვნებას ვეძახით, ხუთ წლამდე ასაკში ყალიბდება. თუ ხუთ წლამდე ან ექვს წლამდე ამ მეს რეპრესირებას ვახდენთ, მას მთელი ცხოვრება აქვს განცდა, რომ ის უსუსურია. ადამიანი უსუსური თუ არის, სტრესი გარანტირებულია. თუ სტრესი არ იქნება, ჰიტლერის მაგვარ ფენომენს მიიღებთ. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ჰიტლერის მაგვარ ფენომენში იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანი სულ ეცდება კომპენსირებას, ეცდება, რომ ისევ უსუსური არ ჩანდეს. მას სულ ძალადობასა და აგრესიაზე ექნება აქცენტი. „მეს“ დასუსტება მრავალი ტიპის დეფორმაციას იწვევს.“

რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ბავშვი პიროვნებად ადრეულ ასაკში ყალიბდება და ის მნიშვნელოვან ცვლილებებს აღარ განიცდის:

„ამ პერიოდში, როგორც მოიხარშება, მერე ისე რჩება. მერე ადამიანი თითქმის აღარ იცვლება. ხესავით არის, ღერძი ხომ რჩება ხის გაზრდის მიუხედავად. ამ უცვლელ „მეს“ მოჰყვება თავისი ლოგიკური შტოები. ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ის მეფეა, სხვა ყველაფერი წვრილმანია, რომელსაც ყურადღება არ უნდა მიაქციოს. მეფე შეიძლება ციხეში ჩასვა, დილეგში იყოს, მაგრამ თავის თავს მეფედ გრძნობდეს. როგორ იგრძნობს ადამიანი თავის თავს, ამაზეა აწყობილი მისი გარემოსთან ურთიერთობა.“

რამაზ საყვარელიძის თქმით, ექვსიდან თერთმეტ წლამდე ასაკის ბავშვს შრომა ეხალისება, რადგან ის უფროსებს ბაძავს:

„ჩვენ ძალიან ხშირად იმაზე გვაქვს აქცენტი, თუ რას ვფიქრობთ ჩვენს თავზე. მთავარია, როგორ გრძნობ თავს. ტვინი გრძნობაზე იძლევა რეაქციას. ადამიანს იდეაზე უფრო სუსტი რეაქცია აქვს, შეგრძნებაზე კი იძლევა რეაქციას, როგორც რეალობაზე. მე თუ საკუთარ თავს მეფედ ვგრძნობ, ეს ჩემთვის რეალობაა და ამაზე ვაგებ გარემოსთან ურთიერთობას. ყველაზე ხშირად კითხულობენ ხოლმე: „რომ გათამამდეს ბავშვი?“ ამისთვის არის მეორე პერიოდი. მაშინ უნდა ათხრევინო, ახვნევინო, დაალაგებინო. ის ამას ხალისით ასრულებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი ბაღში წასვლისას ამბობს სამსახურში მივდივარო. რატომ? იმიტომ, რომ შენ გბაძავს. შენ თუ შრომობ, ბავშვსაც შრომა ეხალისება. რამდენადაც უნდა აშრომო, ის კმაყოფილია, იმიტომ, რომ შენნაირია.“

„თუ მაშინ, როდესაც მკაცრი უნდა ვიყოთ, ბავშვს გავანებივრებთ, მერე უკვე ძალიან მტკივნეული იქნება თანატოლებთან ურთიერთობა, მას სულ კონფლიქტი ექნება თანატოლებთან. ის შეუჩვეველი იქნება წინააღმდეგობას. ბავშვი თუ სულ მეფესავით ვამყოფეთ, ის განწირული გვყავს კონფლიქტური ცხოვრებისთვის. თუ თავიდანვე თავში ჩავარტყით, განწირული გვყავს, რომ უკმაყოფილო იყოს თავისი თავით. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. პრობლემა ბავშვის ცვლილებაში არ არის, პრობლემა ჩვენს ცვლილებაშია. ჩვენ ვერ ვიცვლებით. ჩვენ როგორც შევეჩვიეთ ბავშვთან ურთიერთობას , ისე ვაგრძელებთ, სანამ რამე უბედურება არ მოხდება,“ - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად