Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლის ისტერიკა, შიში იმის მიმართ, რომ რაღაც არ დაემართოს ბავშვს, აძლიერებს ბავშვის შიშს,“ - ლელა ტყეშელაშვილი

„მშობლის ისტერიკა, შიში იმის მიმართ, რომ რაღაც არ დაემართოს ბავშვს, აძლიერებს ბავშვის შიშს,“ - ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ბავშვების ემოციების რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ემოციების კონტროლი მშობლებმა უნდა ისწავლონ:

„ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მშობლებს უნდა ვასწავლოთ თავიანთი ემოციების რეგულაცია, პირველ რიგში. მშობლის ისტერიკა, შიში იმის მიმართ, რომ რაღაც არ დაემართოს ბავშვს, აძლიერებს ბავშვის შიშს. თუ ზრდასრული ადამიანი ასეთი აფორიაქებულია, ასეთი აღშფოთებულია, ე.ი. რაღაც უბედურება ხდება.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, ატირებულ ბავშვთან ახსნა-განმარტებები არაეფექტიანია:

„გვინახავს სცენა, რომ ბავშვი ტირის, მშობელი რაღაცას უხსნის, როდესაც ასეთი აღგზნებაა, ისტერიკაა, ამ დროს ახსნა-განმარტებას ბავშვი უბრალოდ ვერ გაიგებს და არ არის საჭირო. არის იგნორირების სტრატეგია, ეს მუშაობს. თუ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ბავშვის ჭირვეულმა ქცევამ გამოიღოს შედეგი, როგორც ჩამოყალიბდა ეს ქცევა, ისევე ჩაქრება. რამდენი ხანიც თქვენ ჩამოუყალიბეთ ეს ქცევა და ტირილმა გამოიღო შედეგი, იმდენი ხანი დაგჭირდებათ ამის გასაქრობად.“

ლელა ტყეშელაშვილმა მშობლებს ტანტრუმსა და მელთდაუნს შორის არსებული განსხვავებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„ტანტრუმი ვიცით, რაც არის. არსებობს მეორე ტიპის ქცევა, რომელიც ძალიან ჰგავს ტანტრუმს, ისტერიკას და მას ეწოდება მელთდაუნი, რომელიც დამახასიათებელია ზოგიერთი ტიპის მდგომარეობისთვის. ეს გახლავთ ემოციების აფეთქება, რომელიც არის ბავშვის ემოციური მდგომარეობით გამოწვეული. ერთი არის მანიპულატორული ქცევა, ტანტრუმი, რომელიც შედეგის მოპოვებაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება მელთდაუნს, ეს არის მოწყვლადობა, ბავშვის ემოციურობა. როდესაც შიში აქვს რაღაც გაურკვევლის ბავშვს, ეს მთლიანად გენერირდება მის ფსიქიკაში, მისი ქცევაც ძალიან ჰგავს ტანტრუმს. განსხვავებული სტრატეგიაა ორივე შემთვევაში საჭირო.“

„ჩვენი წინაპრების მიერ მოგონილი კუთხეში დაყენება რა იყო? იყავი შენთვის და როდესაც დამშვიდდები, გამოხვალ. თუ ბავშვი შეშინებულია, ემოციურ მდგომარეობაშია, მის გვერდით უნდა იყოთ. მე მინახავს ვიდეოები, რომ ბავშვი ტირის ცხარე ცრემლებით, მამა უზის უბრალოდ გვერდით. ამ დროს შეიძლება, რომ ჩაეხუტოთ ბავშვს, როდესაც არის მელთდაუნი, ანუ მოწყვლადი ფსიქიკა. როდესაც არის ტანტრუმი, გარიდება სჯობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად