Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიყვარულის ქიმია არის ძალიან მძლავრი კოქტეილი, ეს არ არის ერთი ნივთიერება,“ - გიორგი ღოღობერიძე

„სიყვარულის ქიმია არის ძალიან მძლავრი კოქტეილი, ეს არ არის ერთი ნივთიერება,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სიყვარულის ქიმიის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ სიყვარულის ქიმია მძლავრი კოქტეილია, რომელიც ცვლილებებს განიცდის:

„სიყვარულის ქიმია არ არის ერთი ნივთიერება, ეს არის კოქტეილი, ძალიან მძლავრი კოქტეილი, რომელიც იცვლება და იცვლება. ​სიყვარული ჩვენ შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად. თითოეულ ეტაპზე მაგიური მოქმედების ჰორმონები არის ხოლმე ჩართული. პირველი ეტაპი არის მოწონების მომენტი, დაინახე და უკვე მოგეწონა. ჩვენს ორგანიზმში ავტომატურად დაიწყება ესტროგენისა და ტესტოსტერონის გამოყოფა. მეორე ეტაპი უკვე მძლავრია. ეს არის გატაცება. ის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველდღიური ფიქრების წყარო. ამ შემთხვევაში პირველი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა არის ნორეპინეფრინი. გვეძლევა მოტივაცია, რომ მეტი გავიგოთ, მეტი ვიცოდეთ. გუგები გვიფართოვდება, გულისცემა გვიხშირდება. პირი ღია გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ჰაერი გვჭირდება. ნორეპინეფრინს მოსდევს დოპამინი. დოპამინი გვხდის იმ ადამიანზე დამოკიდებულს. მის გარეშე ყოველდღიურობა ნაკლებად წარმოგიდგენია. ამას აძლიერებს ფენილეთილამინი, ეს არის მედიატორი, მუცელში რომ ტოვებს პეპლების განცდას. ცოტათი ქვეითდება სეროტონინი. როგორც კი სეროტონინი დავარდება, ის ადამიანი ხდება ჩვენი აკვიატება. ჩვენ უკვე აღარაფერი აღარ გვაინტერესებს, გარდა იმისა.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, გატაცებიდან ადამიანი რომანტიკულ სიყვარულზე გადადის, რომელიც ძალიან მძლავრია:

„გატაცება შეიძლება გადავიდეს ძალიან მძლავრ ეტაპზე და​ ეს არის რომანტიკული სიყვარული. ამ ეტაპზე ირთვება უმძლავრესი მედიატორები: ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი და ენდორფინები. როგორც კი გამოიყოფა ოქსიტოცინი, სიყვარული იცვლება. ახლა უკვე შენ გაქვს პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მიმართ, შენ გინდა მას უერთგულო, შენ ხარ მასზე პიროვნულად დამოკიდებული. ვაზოპრესინი ოქსიტოცინის ამ მოქმედებას კიდევ უფრო ამძაფრებს. გაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი რამისგან დაიცვა შენი მეორე ნახევარი, თუკი მას რამე საფრთხე ემუქრება. მამაკაცები უფრო ნაკლებად თმობენ ხოლმე მეორე ნახევარს, ვიდრე ქალები. სტატისტიკურად, როდესაც საქმე ეხება დაშორების ეტაპს, მამაკაცები უფრო ნაკლებად თმობენ ხოლმე, ვიდრე ქალები.“

გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად ვპატიობთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს:

„ჩვენ შეიძლება ყოველდღიურობაში ვიკამათოთ და რაღაცები გვეწყინოს. ​იმ ადამიანთან, ვინც გვიყვარს, ეს მომენტი არ გვაქვს. ენდორფინები არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც წყენას მარტივად მიგავიწყებენ. ადამიანს შეგიძლია მარტივად აპატიო ეს ყოველივე. საკმარისია ჩვენ იმ ადამიანის გარეშე 1-2 დღე გავატაროთ და ჩვენს თავის ტვინში ავტომატურად გამოიყოფა სტრესული ჰორმონები. თუ ის ადამიანი არ ნახე, აღარაფერი არ გსიამოვნებს. თუ ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ეს ადამიანი არ გპასუხობს ამ ყოველივეზე, მაშინ ორგანიზმი გადადის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის სიყვარულის კოქტეილი, რომელიც ადამიანს აქვს.“

„როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ამ მედიატორების ზემოქმედებით მადა უქვეითდება, ​იწყება უძილობის განცდა, ენერგია ისე იზრდება, რომ მზად ხარ ყველაფერს გაუმკლავდე, რაც კი ცხოვრებაში შეიძლება შეგხვდეს, თვითშეფასება კიდევ უფრო მაღალია. აქამდე არავინ და არაფერი იყავი, ახლა შეიძლება სამყაროს ცენტრი იყო იმ ადამიანისთვის. თუ აქამდე ჩაკეტილი იყავი, ახლა მოსაუბრე ხდები. ყველაფერზე ხარ წამსვლელი, ოღონდ ბევრი რამ გაიგო მასზე. არ ხარ კრიტიკული მის მიმართ, მასში ყველაფერი მოგწონს. როდესაც ჩვენ ვიღაც გვიყვარს, სამედიცინო ენაზე შეიძლება ითქვას: „მეოქსიტოცინები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული არის ძალიან მძაფრი,“- აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“ 

წაიკითხეთ სრულად