Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ზაფხულში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის წესების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მან აღნიშნა, რომ კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვები სითხეებით უნდა დავტვირთოთ:

„მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც ​ბავშვები მიდიან ზღვის კურორტებზე, კანი შეიძლება გამოშრეს. ეს შეიძლება მოხდეს მთაშიც, რა თქმა უნდა. ექიმებმა მშობლებს რეკომენდაცია უნდა მივცეთ სითხეებით დატვირთვით დავატენიანოთ თუ ზოგ შემთხვევაში გამოვიყენოთ დამატენიანებელი. ზაფხულის პერიოდში ჩვენ დამატენიანებელ საშუალებებს ვერიდებით. პირველ რიგში, არის მაინც გარუჯვა. გარუჯვისთვის აუცილებელია ბავშვები დავიცვათ პირდაპირი მოქმედების მზის სხივებისგან. აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებსაც ჭრელი აქვთ კანი, უფრო მეტად თეთრები არიან.“

თემურ მიქელაძის თქმით, მოუვლელი კანი მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს:

„თუ კანი არ იქნა მოვლილი, შეიძლება ის დაინფიცირდეს. იყოს სხვადასხვა ჩირქოვანი ინფექციების, სტაფილო ან სტრეპტოდერმების წყარო, რომელთა მომართვიანობა, როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში იზრდება. კანის გამონაყარი მაინც ასოცირდება ზღვის კურორტებთან ან მტკნარი წყლის კურორტებთან. აქ აუცილებელია, რომ ეს სანაპიროები მაქსიმალურად იყოს მოვლილი.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ დაბინძურებული ზღვის სანაპიროები ხშირად ხდება ენტეროვირუსებითა და ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით დაავადების მიზეზი:

„ბოლო პერიოდში საქართველოში ზღვის სანაპიროები უკვე მოვლილი ხდება. 5-10 წლის წინ იყო კატასტროფული მდგომარეობა. სანაპიროზე იყო ფეკალიები, ბავშვის საფენები. ხანდახან ეს ახლაც არის, რა თქმა უნდა. ​განსაკუთრებით ეს ეხება ურეკის სანაპიროს. სწორედ აქედან მოდიან პაციენტები ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით, ენტეროვირუსული ინფექციებით, კანის ჩირქოვანი დაზიანებებით. კანის ჩირქოვანი დაზიანების ძირითადი გამომწვევი სტრეპტოკოკია. სტრეპტოკოკმა შეიძლება დააზიანოს თირკმელები, გული, ნუშურა ჯირკვლები.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა ასეთ კურორტებზე. ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი. ​ხშირად უნდა იბანაოს ბავშვმა ზაფხულის პერიოდში, დილას ან საღამოს მაინც გამდინარე წყლით და არა რეზერვუარში დაგროვილი წყლით. ბავშვს უნდა გადავავლოთ თბილი წყალი. არც ცხელი და არც უკიდურესად ცივი არ უნდა იყოს წყალი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად