Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი? - ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რჩევები

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის ხუთი ხილი დაასახელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია:

​ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.“

ქეთი ასათიანის თქმით, ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:

„ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? ის პირები, ვისაც ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, გვეკითხებიან: ​კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება? მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით.“

„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ​ძალიან სასარგებლო ხილია კომშიც. მას ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად