Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის პოზიტიური ყურადღება და რატომ არის ის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?

რა არის პოზიტიური ყურადღება და რატომ არის ის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?

მშობელი შვილისადმი პოზიტიურ დამოკიდებულას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ის შვილს უღიმის, ნაზად უყურებს თვალებში, ეფერება, მას სასიამოვნო, დადებითი სიტყვებით ამხნევებს, მისი იდეების, აქტივობებისა და ინტერესების მიმართ აღტაცებას ვერ მალავს.

პოზიტიური ყურადღება ბავშვს ძალიან სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს საჭირო ადამიანად გრძნობდეს. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას სხვებისთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს. მშობლების მხრიდან გამოჩენილი პოზიტიური ყურადღება, დადებითი რეაქციები და დამოკიდებულებები ბავშვს თავს დაფასებულ, სრულფასოვან ადამიანად აგრძნობინებს.

ბავშვი საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას წლების განმავლობაში იქმნის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცევიან მას მშობლები და ის უფროსები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მისი შიშები ყოველთვის სათანადო არგუმენტების დახმარებით უნდა დაამარცხოთ, მას ახალ გარემოსთან ადაპტაციაში უნდა დაეხმაროთ და ყოველთვის მის გვერდით იყოთ, როდესაც ეს სჭირდება.

ყოველდღიური აქტივობების დროს მშობელსა და შვილს შორის ძლიერი ურთიერთკავშირი მყარდება. საფენის გამოცვლისას, კვების პროცესში ან ბავშვის სკოლაში წაყვანისას, თქვენ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. როდესაც ბანაობის შემდეგ ბავშვს პირსახოცით ამშრალებთ, მისი კოცნა და მოფერება პატარასთვის პოზიტიური გამოცდილებაა. ის გრძნობს, რომ მშობელი მისთვის ყველაფერს სიყვარულით აკეთებს.

ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოსახატად, შეგიძლიათ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოთ:

  • ბავშვს რაც შეიძლება ხშირად გაუღიმეთ.
  • გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრისადმი, რასაც თქვენი შვილი აკეთებს.
  • ბავშვის საუბარს ყურადღებით და ინტერესით მოუსმინეთ.
  • შვილთან ერთად გარკვეული რიტუალები ჩამოაყალიბეთ.

პოზიტიური ყურადღების გამოხატვის სხვადასხვა გზა არსებობს, რომლებიც ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება.

პოზიტიური ყურადღების გამოხატვა ჩვილი ბავშვებისადმი

ბავშვი დაბადებიდანვე გრძნობს, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მისდამი, რას აკეთებთ და როგორ იქცევით. მართალია, ჩვილებს თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა არ ესმით, მაგრამ ისინი თქვენი საუბრის ტონს, მიმიკებს და ქცევებს ყურადღებით აკვირდებიან.

  • ატირებულ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რათა დამშვიდდეს.
  • ჩვილის ღიმილს ყოველთვის ღიმილით უპასუხეთ.
  • ჩვილს ხშირად ესაუბრეთ.
  • ახალშობილს თქვენი გრძნობები ხშირად გაუმხილეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ, რა აინტერესებს ჩვილს. თუ მას ფერადი სათამაშო მიიზიდავს, ასწავლეთ, როგორ უნდა დაიჭიროს ის ხელში.

პოზიტიური ყურადღების გამოვლენა 1-3 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ

ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იგებს, თუ რას ეუბნებით ან როგორ ეუბნებით.

  • ყოველთვის აღნიშნეთ თქვენი შვილის მოსაწონი ქცევა. აუხსენით ბავშვს, რომ ძალიან მოგწონთ, როდესაც ის კუბიკებით თამაშობს.
  • ბავშვის განცდების გაზიარება სცადეთ. მასთან ერთად იხტუნავეთ და ითამაშეთ.
  • როდესაც ბავშვს ესაუბრებით, მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცით. მაშინაც კი, თუ ბავშვს არ შეუძლია სრულფასოვნად საუბარი.

პოზიტიური ყურადღების გამოხატვა სკოლამდელი ასაკის ბავშვისადმი

სკოლამდელი ასაკის ბავშვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა ძალიან ბევრი ფორმით შეგიძლიათ.

  • ბავშვისთვის საყვარელი აქტივობებით მასთან ერთად დაკავდით, კუბიკებით ითამაშეთ, ირბინეთ, ერთად დახატეთ ან იმღერეთ.
  • ბავშვის პოზიტიური ქცევა აუცილებლად წაახალისეთ. თუ თქვენი შვილი სადილის შემდეგ თეფშს ონკანში ჩადებს, შეაქეთ და უთხარით, რომ ის ძალიან გეხმარებათ.
  • დილით გაღვიძებისას ბავშვს ღიმილით შეეგებეთ, მას თვალებში უყურეთ და მოეფერეთ.

პოზიტიური ყურადღების გამოხატვა სკოლის ასაკის ბავშვისადმი

მართალია, სკოლაში წასვლის შემდეგ ბავშვის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ხდება, მაგრამ თქვენი სითბო, მოფერება და ყურადღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

  • როდესაც ბავშვს თქვენთან საუბარი სურს, მიატოვეთ საქმე, რომელსაც აკეთებთ და თქვენს შვილს მოუსმინეთ. შესაძლოა, სკოლის ამბების მოყოლა მან სახლში დაბრუნებისთანავე არ მოისურვოს და ამის შესახებ ძილის წინ გიამბოთ. ბავშვის ამბების მოსასმენად დრო ყოველთვის უნდა გამონახოთ.
  • როდესაც ბავშვი გესაუბრებათ, მას კითხვები დაუსვით, რათა თქვენი ინტერესი გამოხატოთ და საუბარი გამოაცოცხლოთ.
  • ბავშვის პოზიტიური ქცევები წაახალისეთ. შეაქეთ ის, თუ მან მეგობრისადმი ყურადღება და ემპათია გამოავლინა.

ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ვერ იქნებით და ეს სავსებით ნორმალურია. მთავარია, რომ ბავშვმა თქვენგან უმეტესად სითბო და სიყვარული იგრძნოს. თუ მშობელს ბავშვისთვის დრო არასდროს აქვს, ეს ბავშვზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ბავშვი მშობლის უყურადღებობას ადრეული ასაკიდანვე გრძნობს. ჩვილები სტრესის ნიშნებს ექვსი თვის ასაკიდან ავლენენ, როდესაც მშობლის ყურადღება აკლდებათ. მშობლის უყურადღებობა ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უდიდეს ზიანს აყენებს.

მომზადებულია ​raisingchildren.net.au - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად