Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის, არ არის სწორი დებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ ბავშვზე,“ - შალვა ამონაშვილი

​ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი ​შალვა ამონაშვილი დისტანციური სწავლების პრობლემებსა და პერსპექტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლების იმავე მეთოდებს არ უნდა მიმართონ, რასაც სკოლებში იყენებდნენ:

„სამწუხაროდ,  მასწავლებლებმა ვერ გაიაზრეს ყველაფერი კარგად და დისტანციური გაკვეთილები მიჰყავთ ჩვეულებრივი წესით, ისევ ისე, როგორც სკოლაში. კიდევ უფრო მოსაწყენი ხდება ეს გაკვეთილები. ხომ ხდება, რომ ფილმს უყურებ და ეკრანს მიეჯაჭვები. ბავშვები მიჯაჭვულები არიან რაღაც თამაშებს. ხომ შეიძლება, რომ მათთვის ასეთივე საინტერესო გავხადოთ დისტანციურად ურთიერთობა. მე არ მგონია, რომ ეს სწავლების და განათლების მთავარი გზაა. მოვა დრო და ისევ დავბრუნდებით სკოლებში, ისევ ახმაურდებიან ბავშვები ეზოებში, კლასებში, დერეფნებში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილი პოზიტიური ემოციით უნდა დაიწყოს:

„რა უნდა გავაკეთოთ ახლა? პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა მოესიყვარულოს ბავშვს ეკრანიდან, რაღაც კარგი უთხრას, დაარიგოს დღე როგორ ააგოს, როგორ შეხვდეს მშობლებს. ეს ძალიან სერიოზულია. მერე ასწავლოს მათემატიკა და სხვა ამოცანები. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია და ზოგი მასწავლებელი ამას აკეთებს კიდეც. თუ დისტანციური გაკვეთილი გახდება ერთ საათიანი, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტს ისწავლიან ბავშვები? რა თქმა უნდა, არა. საქმე რაშია, იცით? რა მოტივს ვუჩენთ ჩვენ ბავშვებს? ​ბავშვმა მასწავლებლისგან უნდა წაიღოს რაღ​აც ხალისიანი იმპულსი. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს დავალება, რომ გამოიკვლიოს მათემატიკური ფორმულა, გამოიკვლიოს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა. თუ ბავშვი ასეთ დავალებებს შეასრულებს, ოცი წუთი სავსებით საკმარისია.”

​შალვა ამონაშვილის მტკიცებით, ბავშვი გაკვეთილზე მასწავლებელს არ მოუსმენს, თუ ის მისი მხრიდან სიყვარულს ვერ გრძნობს:

“თუ დისტანციური სწავლებისას ბავშვს სიყვარული არ გამოვუვლინეთ, ის იქით მხრიდან არ მოგკვეკარება, დაჯდება ეკრანთან, მაგრამ არ მოგვისმენს. დროს როგორ მოვუვლით, ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც ატომურ რეაქტორში მცირე ნაწილაკი გაიხლიჩება და ენერგია გამოვლინდება, ასევე თითო წამი განათლებისა უნდა დავტვირთოთ ჩვენი ხალისიანი გრძნობებით, ბავშვის სიყვარულით, პატივისცემით და ღვთისნიერი სიტყვით.“

შალვა ამონაშვილის თქმით, დისტანციური სწავლება იძულებითი მოვლენაა და მას ყველანი უნდა შევეგუოთ:

„ეს იძულებითი ვითარებაა, მეტი გზა არ არის, ამას უნდა შევეგუოთ. მასწავლებელმა მოიწვიოს მშობელი ბავშვთან ერთად, თუ, რა თქმა უნდა, აქვს დრო მშობელს, რომ უსმინოს გაკვეთილს, რამეთუ ​ისწავლოს მასწავლებლის მიდგომა, მისი სიმშვიდე, მეთოდიც, როგორი გზებით ცდილობს მასწავლებელი, რომ ბავშვს რაღაც შთააგონოს. მერე მშობელს მეტად შეეძლება, რომ ბავშვს სწავლაში დაეხმაროს. ამასთან მშობლებს ვურჩევ დიდ მოთმინებას. მოთმინების გარეშე შეიძლება ჭკუიდან გადავიდეთ. როდესაც ბინაში ვართ ჩაკეტილი ბავშვებთან, რომლესაც არ ეთმინებათ, გარეთ გასვლა უნდათ, შეიძლება ნებისყოფა დავკარგოთ და უსიამოვნება მოგვიხდეს ბავშვთან ურთიერთობაში. ამას ვეძახი მე შემოქმედებით მოთმინებას, როდესაც ბავშვთან ერთად წიგნს კითხულობ, მასთან ერთად რაღაცას განიხილავ, მასთან ერთად ჩაიძინებ. უნდა ვიყოთ ბავშვთან ერთად. თუ აღზრდა გინდათ, ეს ხდება ერთობლივად, არა დისტანციურ ურთიერთობებსა და ჭკუის დარიგებებში.“

შალვა ამონაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბავშვებს ბევრი გასართობი აქვთ, რის გამოც მათ სწავლისადმი ინტერესი უნელდებათ:

„ჩემი მოწაფეობის დროს ყველა მოწადინებულები ვიყავით, განა უკეთესები ვიყავით, უბრალოდ სხვა გასართობი არ იყო. საყურებელი და სანახაობა, რომელიც მოგვწყვეტდა სწავლის საქმისგან, ცოტა იყო. ახლა მომხიბლავი საშუალებები ძალიან ბევრი. ამ პირობებში ბევრი ბავშვი ჩამოსცილდა სწავლას. სწავლა ყველას შეუძლია, მაგრამ ავტორიტარულ პირობებში სწავლა ყველას აღარ უნდება. მე მასწავლებელს ვურჩევდი იხმაროს არა მართვის ფსიქოლოგია, არამედ თანხმობის ფსიქოლოგია. ზოგიერთი ბავშვი თავისითაც ისწრაფვის სწავლისკენ, ისე არის ბუნებრივად ოჯახი მოწესრიგებული. ბავშვთა უმრავლესობა გაერთო ამ გამომწვევი გასართობებით. ის, რომ ვისაც სწავლა უნდა ისწავლის, არ არის მთლად სწორი დებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ ბავშვზე. ეს შეგვიძლია სტუდენტის მიმართ ვთქვათ. როდესაც ის მოდის უნივერსიტეტში, თუ უნდა ისწავლის, თუ უნდა -არა. იქ ის ნებით მოვიდა, არის კარი და შეუძლია წავიდეს."

„ სკოლაში ​ბავშვს უნდა მოვანდომებინოთ სწავლა. ის ჯერ ვერ იგებს, რამდენად აუცილებელია მისთვის ის, რასაც ვთავაზობთ. ძალით ვერ მოანდომებ ბავშვს სწავლას. ბავშვს უნდა შევაყვაროთ ჩვენი თავი. ჩვენც მეთოდი ვართ, იცით? შეაყვარე ბავშვს თავი შენი სიკეთით, შენი დახმარებით, დაცვით. დაიცავი ბავშვი გაჭირვებაში, როდესაც უჭირს და ვერ პასუხობს, ვერ ამოუხსნია საკონტროლო. იყავით გვერდით ბავშვთან ყველა ვითარებაში, რომ ბავშვმა დაინახოს, როგორი თავშესაფარია მისი მასწავლებელი. თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, მას მოუნდება სწავლა, რადგან მას უყვარს ყველაფერი, რაც მასწავლებელთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბავშვების მხრიდან ჩვენდამი სიყვარულს გავურბივართ, ეს არ მიგვაჩნია მთავარ საქმედ,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად